თბილისი (GBC) - წინასაარჩევნოდ პატიმრების 1/3-ს არა თუმცა 1/3-მდე მაინც შეიწყალებენ.
პრემიერმა ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში, პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 10 000 მსჯავრდებულია, რომლის 1/3-ია ოპტიმალური ევროპული მაჩვენებელი. მისი ინფორმაციით, ამნისტიაზე მუშაობა დაწყებულია და სექტემბერში მიიღებენ.
წინასაარჩევნო და არჩევნების პროცესზე ირაკლი კობახიძეს დეპუტატებმა სხვა კითხვებიც დაუსვეს, მათ შორის სადამკვირვებლო ჯგუფებზე.
პრემიერის პასუხით, დამკვირვებლებს შორის არ იქნება "სამართლიანი არჩვენები", რომელიც ჯერ შემჩნეული იყო გაყალბებაში და შემდეგ ბრალეულობა დაუმტკიცდა. როგორც პრემიერმა თქმა სამწუხაროდ მათი შფოთვები გამართლდა.
ამასთან პრემიერმა "ოცნების" სახელით, საყოველთაო საარჩევნო დაკვირვებისთვის მზაობა გამოთქვა, "რაც მეტი, მით უკეთესი". მისი ინფორმაციით, მოწვევა გაგზავნილია ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში. მათ შორის ეუთო ოდირის. ნატოს, ევროსაბჭოს ასამბლეაში.
დეპუტატი ლადო კახაძე დაინტერესდა, ოქტომბერში თუ იქნებიან დამკვირვებლები ინდოეთიდან და ჩინეთიდან. ფრიდონ ინჯია კი ჩინეთის მონაწილეობაზე, გაცვლითი სასწავლო პროგრამებში.
პრემიერის ინფორმაციით, ყოველწლიურად ჩინეთში, სახელმწიფო პროგრამით 20 სტუდენტი მიემგზავრება, დაინტერესება მაღალია ასევე კონფუცის ინსტიტუტის შეთავაზებებზე. 5 წელში 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ აიმაღლა და მიიღო ცოდნა, ჩინეთში.
ინჯიას ანალიზით, ევროპასთან შედარებით ჩინეთის უპირატესობა განპირობებულია იმით, რომ იქ დარჩენის ნაკლები ალბათობაა და რომ განათლებული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან.
ამასთან უკმაყოფილება გამოთქვა დასავლეთის მიმართ, რომ იქ არასათანადოდ დაფასებულია კვალიფიციური ემიგრანტების შრომა. ამასთან მიაჩნია, რომ ევროპას და აშშ-ს სამადლობელი აქეთ აქვთ, საქართველოდან ჩასულ, იაფ კვალიფიციურ მუშახელს რომ იყენებენ, ვიდრე ჩვენ, "მუდმივად რომ გვაყვედრიან დახმარებას, რომელიც შემდეგ ძვირად გვიჯდება, თუნდაც 2008 წელს".
ემიგრაციის თემას, პრემიერის საპარლამენტო გამოსვლის წინა დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი TV იმედის ეთერშიც შეეხო, სულ სხვა "თვალით". ისე გამოვიდა, თითქოს ქართველები თავს იქცევენ სხვაგან შრომით, თავის ქვეყანაში საქმიანობის ერთფეროვნება რომ დროდადრო გაიხალისონ.
თითქოს საქართველოში ღირსეული ხელფასია, საკმარისი პენსია და უდარდელი ცხოვრება, რაც მოსაწყენს ხდის ყოფას და გასვლითი შრომით უნდა შეივსოს.
პაპუაშვილმა მაგდა ანიკაშვილთან სტუმრობისას განაცხადა, რომ ქვეყნიდან წასული ხალხი საქართველოს განძია. თითქოს დაკარგული კი არა, ნაპოვნია და საცავში ინახება, როგორც მონეტარული მიზნისთვის სებ-ის ლონდონში შეძენილი ოქროს ზოდი.
ამასთან, ოცნების მესიჯ ბოქსში გაჩნდა ბუას სინონიმი - ფრანკენშტაინი, რომლის პარამეტრები პაპუაშვილმა წარმოადგინა როგორც მონსტრი, სხვადასხვა განზომილებაში მავნებლობის უნარით და ეს ეკლექტური წარმონაქმნი, მისი წარმოდგენით არის პარტიებით შეთითხნილი ოპოზიცია, იდეებისგან გამოცლილი.
ამ მყიფე კონგლომერატის წინ კი დგას ერთი მყარი "ოცნება", ერთი სტრატეგიით, ერთი მიზნით, არცერთი დაპირებით და თვითგამოცხადებული სტატუსით, რომ მოქმედებს "ხალხის მანდატით, ხალხისთვის, ხალხის სახელით".
პაპუაშვილის ხუთშაბათის და კობახიძის პარასკევის მთავარი სათქმელი იყო ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარის, გამჭვირვალობის, ე.წ რუსული კანონის მიღება, რომელიც თან დაგვიცავს ევროპისგან და თან შეგვიყვანს.
პრემიერი მოხარული დარჩა,როგორც თავად მოიხსენია ჟარგონზე, თანაპარტიელების სატოპკეების აღების შემდეგ, ოპოზიციის კითხვებიც სატოპკედ რომ წაადგა.
რატომ ატყუებთ ხალხს? როცა ქვეყანას უერთებთ ოკუპირებულ რეგიონებს, რუსეთის გავლენის სფეროში მის დასაბრუნებლად.
ვის მხარეს ხართ? მაშინ როცა დევნილების შინ დაბრუნება საქართველოს გაცხადებული ინტერესი იყო, თქვენ კი ამ რეზოლუციაზე უარისთვის ჩინეთს მადლობას უხდით, - თეონა აქუბარდიამ პრემიერს შეახსენა, რატომაც მოუწია გამოსვლა, ნახევრად ცარიელ დარბაზში, ნატოს და ევროკავშირის ელჩების დემარშის გამო.
თავად დემარში დარღვევა, ხალხის მანდატით პრემიერისთვის კითხვები რომ დაესვა, საგარეო კურსის რუსეთისკენ გადახვევაზე და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე.
პაპუაშვილი/კობახიძემ აქუბარდია დარბაზში შეარცხვინეს. გასვლისას, დემარშის რეჟიმში დაბრუნებისას, თავმჯდომარემ დეპუტატს მიაძახა, თუ როგორ გაბედა უიდეო წარმონაქმნის ნაწილაკმა ხალხის სახელით კითხვები.
მის კითხვებზე პრემიერის პასუხისას აქუბარდია იქ აღარ იყო და დანარჩენებმა გაიგეს, რას გადაურჩა ქვეყანა.
"აი მაშინ გენახათ რუსეთის გავლენის გაფართოება საქართველოზე", თუ მმართველი ძალა სანქციებზე მიერთების რეკომენდაციებს გაითვალისწინებდა, თუმცა მაინც დავზარალდით, პოლიტიკური ბატალიებით.
"აი მაშინ გენახათ სად ვიქნებოდით", - როგორც კობახიძემ თქვა, რომ არა პოლიტიკური პროცესები ჩვენი ეკონომიკა 40 მლრდ -საც კი მიაღწევდა. ნუ, სულ მცირე 35 მილიარდს მაინც. არსებული 30 მლრდ-ის ნაცვლად.
კობახიძეზე უფრო პესიმისტურია პაპუაშვილის წარმოდგენები. ამასთან, დიაგნოზი ნაკლებად საიმედოა, თუმცა გამოსავალი უფრო იმედიანი.
როგორც ხუთშაბათის TVეთერში განაცხადა, ჩვენი სუვერენიტეტი მხოლოდ ჩვენ უნდა დავიცვათ. არავინ დაგვიცავს ჩვენი თავის გარდა. სხვა არ გვჭირდება, ის უცხოა.
"ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ ცხოვრობს ჩვენ ტყავში. თუ უნდათ ჩვენი გადმოსახედიდან შეაფასონ, ჩვენ ტყავში უნდა იცხოვრონ, ომები გამოიარონ. მხოლოდ ჩვენ ვიცით ქართველებმა რა რისკებია და რა გამოწვევები. მათ ნატოს ატომური ქოლგა იცავს, რომელსაც ჩვენ არ გადმოგვაფარებენ.
ეს ყველაფერი პაპუაშვილმა ეთერში თქვა. ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვაზე რომ ჰკითხეს, უპასუხა, რომ სულსწრაფობა არ წაგვადგებოდა.
მისი თქმით, ევროკავშირის სტრუქტურებიდან და პოლიტიკური ჯგუფებიდან რჩევა-დარიგებას რომ გავყოლოდით, გვექნებოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსზე და მოლაპარაკების დაწყებაზეც, თუმცა ვიქნებოდით დანგრეული, ფიზიკურად და ეკონომიკურად.