თბილისი (GBC) – 9M23-ის მდგომარეობით საქართველოში ავტოპარკის მოცულობამ 1.716 მლნ ავტომობილი შეადგინა, რაც 2022 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, 5.6%-ითაა გაზრდილი.

ზრდა ძირითადად მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე მოხდა (+5.3%), რომელზეც მთლიანი ავტოპარკის 82.1% მოდიოდა. ამავე პერიოდში ავტოპარკის 6.8% სატვირთო ავტომობილებზე მოდის, 3.2% ავტობუსებზე, 4% კი აგრო და სხვა სპეცტექნიკაზე. დანარჩენი კი ტრაილერებზე და მოტოციკლეტებზე.

გასათვალისწინებელია, რომ ავტოპარკი 2019 წელს 1.376 მლნ-ს შეადგენდა და ამ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 24.7% შეადგინა.

რაც შეეხება პირველად რეგისტრაციას, 9M23-ში უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა, თუ 2022 წლის მაღალ საბაზო ეფექტს გავითვალისწინებთ. კერძოდ, 117 ათასი რეგისტრაცია მოხდა (+27.2% y.y), საიდანაც 84.4% მსუბუქ ავტომობილებზე მოდიოდა (+6.9 პ.პ y.y).