თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია. ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაევი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, სადაც ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი უმასპინძლებს. დაგეგმილია ლიდერების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდება. ამ შეხვედრაში მონაწილეობას ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებიც მიიღებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.