თბილისი (GBC) - სემეკში 2024 წელს შესული მოქალაქეთა განცხადება/საჩივრები, ძირითადად, შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან/და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, მომარაგების ხშირ წყვეტებს, ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებსა და პროცედურებს - ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სემეკის გადაწყვეტილებებით, გასულ წელს ჯამში მოქალაქეებს ჩამოეწერათ 2 მილიონ ლარამდე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები. გარდა ამისა, მომსახურების სტანდარტების დარღვევების გამო, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, კომუნალური კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა 1 239 570 ლარი.

სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, განხილული საკითხების 90%-ზე მეტი მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თავად ავრცელებს.

სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე: 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან ოფიციალური სოციალური გვერდების საშუალებით.