თბილისი (GBC) – შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (Black Sea Energy) პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკურ დასაბუთებას ნოემბერში ბაქოში დაგეგმილ კლიმატურ კონფერენციაზე (COP29) წარადგენენ. ამის შესახებ რუმინული მედია ქვეყნის ეკონომიკის მინისტრზე სებასტიან ბურდუჟაზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ბუქარესტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-8 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

„მწვანე ენერგიის კაბელის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29–ე კონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი, რომელიც ნოემბერში გაიმართება. რაც უფრო მეტი მარშრუტი, რაც უფრო მეტი წყარო გვაქვს, მით უფრო გაიაფდება ენერგია. ფაქტი ის არის, რომ ჩვენი რეგიონის ევროპულ ქვეყნებს ენერგიის სრულიად სხვა ბაზარზე ექნებათ წვდომა, როგორიცაა კავკასია და ეს, ბუნებრივია, შედეგად მიწოდების დივერსიფიკაციას უფრო იაფ ენერგიაზე წვდომას გამოიღებს“, – თქვა ბურდუჟამ.

„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-8 მინისტერიალზე ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 4 ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, „აზერენერჯის“, National Power Grid Company Transelectrica S.A-სა (რუმინეთი) და „MVM Zrt” - ს (უნგრეთი)) მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა.

რუმინეთის ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა: „ეს არ არის იაფი პროექტი, ფასს მაშინ დავადგენთ, როდესაც ტექნიკურ–ეკონომიკურ დასაბუთებას ვიხილავთ. მაგრამ, მიგვაჩნია, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის წყალქვეშა კაბელის მშენებლობა სულ მცირე 3,5 მლრდ ევრო დაჯდება და ეს პროექტი სასარგებლო იქნება როგორც ენერგოუსაფრთხოებისთვის, ისე ბაზრისთვის“.

ბურდუჟას თქმით, პროექტი კავშირგაბმულობის ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელის გაყვანასაც მოიცავს, რაც აუცილებლად იქნება წარმოდგენილი მთლიანი პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკურ დასაბუთებაში.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში შეთანხმება გააფორმეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ პროექტზე Black Sea Energy. წყალქვეშა კაბელის სიმძლავრე 1 გიგავატი იქნება, ხოლო მისი სიგრძე 1 195 კმ იქნება.

2023 წლის ივნისში პროექტში ჩართვა ბულგარეთმაც გადაწყვიტა.

2024 წლის მაისში მხარეებმა პროექტის რეალიზაციის მიზნით ერთობლივი საწარმო შექმნეს.

ობიექტის მშენებლობა 3–4 წელი გაგრძელდება. ევროკომისია პროექტისთვის 2,3 მლრდ ევროს გამოყოფას აპირებს.