ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა.
ISO-ს სტანდარტი წარმოადგენს ხარისხის მართვის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საერთაშორისო ჩარჩოს, რომლის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობის უზრუნველყოფა.
ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს ,,მენეჯმენტის სისტემების’’ აუდიტორის მიერ 2025 წლის 3 ივლისს განხორციელდა შიდა აუდიტი, ხოლო 2025 წლის 19 აგვისტოს დისტანციურად განხორციელდა სასერტიფიკაციო აუდიტი საერთაშორისო აუდიტორების მიერ. ორივე სახის აუდიტი წარმატებით დასრულდა და ცესკომ მოიპოვა მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხარისხის მართვის სისტემის (QMS) მრავალ დადებით მხარესა და უპირატესობას შორის, აუდიტორის მიერ აღნიშნულ იქნა შემდეგი ასპექტები:
· კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია კონკრეტული შედეგების მისაღწევად;
· საარჩევნო პროცესისა და ხმის მიცემის პროცედურების მაღალ დონეზე მართვა/რეგულირება;
· არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაცია;
· საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ფართომასშტაბიანი სწავლება და გადამზადება;
· ინფორმირების კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენება.
აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის მიზნები, ამოცანები, აქტივობები და პროექტები, შეთავაზებული სერვისები და საქმიანობის მონიტორინგი შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს.
როგორც საერთაშორისო აუდიტორის შეფასებაშია აღნიშნული „ადმინისტრაციის საქმიანობა პასუხობს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს. დადასტურდა, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემა (MS) წარმატებით უზრუნველყოფს დადგენილი სტანდარტის (სტანდარტების) შესაბამისი მოთხოვნების შესრულებას და აკრედიტებული სერტიფიცირებისთვის მოსალოდნელი შედეგების მიღწევას, როგორც ეს განსაზღვრულია ISO IAF-ის კომუნიკეში აკრედიტებული სერტიფიცირების შესახებ. ორგანიზაცია აკმაყოფილებს და შესაბამისად ახორციელებს MS-ის შესაბამის მოთხოვნებს და შეუძლია უზრუნველყოს ამ სერვისის უწყვეტი მიწოდება მომხმარებლის მოთხოვნებისა და შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდის მიზნით.“
აღსანიშნავია, რომ ცესკოსთვის ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის შენარჩუნება ნიშნავს არამხოლოდ ეფექტიანი შიდა მენეჯმენტის დემონსტრირებას, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი დონის უზრუნველყოფას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO 9001:2015-ის ფარგლებში საერთაშორისო აუდიტი პირველად 2019 წელს გაიარა.
(R)