თბილისი (GBC) – ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია ორშაბათს, 30 სექტემბერს გაიმართა. ავტობუსების ახალი ნაკადი საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპანია MAN Truck & Bus-ის წარმომადგენლებთან ერთად წარუდგინა. „მინდა, წარმოგიდგინოთ 25 ერთეული ახალი ავტობუსი. საერთო ჯამში, უკვე 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იქნება თბილისში", - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ავტობუსების პარკის სრული განახლება და ახალი ავტობუსების შემოყვანაა. მისივე თქმით, ეს ავტობუსები აღიჭურვება უსაფრთხოების სისტემით და ეტაპობრივად გავა სხვადასხვა ხაზზე და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება. თქვენ იცით, რომ ბევრი კომპონენტისგან შედგება სატრანსპორტო პოლიტიკა და ერთ-ერთი უმთავრესი იყო ავტობუსების პარკის განახლება. მთავარი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი, რომ ავტობუსით და მიკროავტობუსით გადაადგილება დედაქალაქში იყოს უპრობლემო. ამის პარალელურად ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ გაჩნდეს საავტობუსო საავტობუსო ზოლები დედაქალაქში და ჩვენ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ ასევე ველოდებით დამატებით 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოსვლას და საერთო ჯამში 200 ერთეული გაზზე მომუშავე 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. აღნიშნული პროექტი მომდევნო წლის ბოლოსთვის დასრულდება. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიდგომას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველთვის იყოს მოწესრიგებული და ეფექტიანად ემსახურებოდეს მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპანია MAN Truck & Bus-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილეები და დედაქალაქის მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.

კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. გარდა ამისა, ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებითა და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.ბ ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას.

ამ ეტაპზე, დედაქალაქში შემოსულია და ექსპლუატაციაშია 75 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. დამატებით 25 ავტობუსი მარშრუტებზე ეტაპობრივად გადანაწილდება. უახლოეს პერიოდში თბილისში დამატებით 100 ერთეული ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა. ჯამში თბილისის მოსახლეობას 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება.