თბილისი (GBC) – თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ წყნეთის გზატკეცილზე, რესტორანი „კაკლების“ მიმდებარედ, გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. 

მისივე თქმით, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს სამუშაოებს, რათა ავტომანქანებისთვის გადაადგილება მეწყრულ ზონაში უსაფრთხო გახდეს.

„ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ფერდი მეწყრულია და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, ფერდის ქვემოთ ბეტონის ფილები დროებით არის განლაგებული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამაგრების სამუშაოები დავიწყოთ, ფუნდამენტური ჩარევით, რათა პრობლემა თავიდან ბოლომდე მოგვარდეს. აღნიშნულ მისამართზე გრუნტის გამაგრება ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისთვის გახდა საჭირო. ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, ანკერები, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამუშაოების წარმოებისას, პერიოდულად, ნაწილობრივ შეიზღუდება ავტომობილების გადაადგილებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.