თბილისი (GBC) - სებსტატის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის ₾67.86 მლრდ შეადგინა, რაც ₾1.03 მლრდ-ით, 1.54%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.92%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 18.46% შეადგინა. 

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა ₾1.22 მლრდ-ით, ანუ 3.85%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.13%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები ₾190.36 მლნ-ით, ანუ 0.54%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.09%-ით).
 
სებსტატის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის 54.03% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.41 პ.პ.-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.21 პ.პ.-ით).

თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.17% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.14%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.35%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.62%, ხოლო ევროს წილმა 20.46% შეადგინა.