თბილისი (GBC) – აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსული VTB ბანკი ირანთან დაკავშირებული კომპანიების სიაში შეიყვანა და მას სანქციების გვერდის ავლაში დახმარება დასდო ბრალად. გადაწყვეტილების კონკრეტული საფუძვლები OFAC-ს არ დაუსახელებია.

VTB ბანკი აშშ-ის სექტორულ სანქციებს (SSI – Sectoral Sanctions Identifications) 2014 წლის ივლისიდან ექვემდებარება. მაშინ ბანკი აშშ-ის ფინანსური სისტემიდან სრულად არ დაბლოკილა და შეზღუდვა ძირითადად ამერიკული კომპანიების მხრიდან მისთვის დაფინანსების მიწოდებას შეეხო.

2022 წლის თებერვალში VTB აშშ-ის SDN (Specially Designated Nationals and Blocked Persons) სიაში შეიყვანეს. ეს ე.წ. ბლოკირების სანქციებს გულისხმობდა, მათ შორის ბანკის აშშ-ში არსებული აქტივების გაყინვას, დოლარში ტრანზაქციების აკრძალვას და ამერიკულ კონტრაგენტებთან ოპერაციების შეზღუდვას.

VTB საქართველოში

VTB Bank Georgia-ს საქმიანობა საქართველოში 2022 წლის თებერვალში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემდეგ მკვეთრად შეიზღუდა. ეროვნულმა ბანკმა ბანკის ლარში საკორესპონდენტო ანგარიშები დახურა და სათავო ბანკთან ვალდებულებების ანგარიშსწორებაზეც შეზღუდვები დაუწესა.

2022 წლის 27 თებერვალს ბაზისბანკმა განაცხადა, რომ VTB Bank Georgia-ს საცალო ბიზნესს იძენდა. გარიგება მოიცავდა ფიზიკური პირების დეპოზიტებს, მიმდინარე ანგარიშებსა და საცალო საკრედიტო პორტფელს. შემდგომში VTB-ის საცალო ბიზნესი ბაზისბანკს გადაეცა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის ნაწილი ლიბერთი ბანკში გადავიდა.

ამასთან, თავად VTB Bank Georgia-ს საქმიანობა სრულად არ შეწყვეტილა: ბანკმა ლიცენზია შეინარჩუნა და მნიშვნელოვნად შემცირებული მასშტაბით, შეზღუდული რაოდენობის კორპორაციულ კლიენტებთან განაგრძობდა ოპერირებას. ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვების პირობებში მისი საქმიანობა ძირითადად არსებული სესხების ამოღებას, დეპოზიტარების მიერ თანხების გატანასა და ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვას მოიცავდა.