თბილისი (GBC) – საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იანი ახალი მონაკვეთის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
პროექტის დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 350 $მლნ-ზე მეტი ოდენობის ფინანსური რესურსია მოზიდული.
„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, ბოლო ნაწილია. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც თავისი საინჟინრო გადაწყვეტით, ასევე ინვესტიციის მოცულობით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ხელშეკრულების გაფორმებამდე, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანიის, China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის (CRTG) წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე შეხვდნენ.
ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საგზაო, მუნიციპალური, წყლისა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით.
