თბილისი (GBC) - 35,064,487 ხმიდან ვახტანგ ბუცხრიკიძეს, TBC Bank Group PLC-ის დირექტორად ხელახლა დანიშვნაზე, დადებითი პასუხი 35,063,192-მა მისცა. 

წლიურ კრებაზე, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართა, 55,393,664 ჩვეულებრივი ხმის უფლების მქონე აქციიდან, კრებაში აქციათა 60.3% მონაწილეობდა.

8 დირექტორიდან, კენჭისყრის შედეგად, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ბუცხრიკიძემ მოიპოვა.

ხმათა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, არნე ბერგრენმა მიიღო, 95.42%-ის ოდენობით.

აქციონერებმა ასევე 100%-ით ერთხმად უყარეს კენჭი დივიდენდების გაცემას, 35,063,847 აქციით.

გასათვალისწინებელია, რომ დირექტორების ანაზღაურების ანგარიშს საანგარიშო 2023 წლისთვის, აქციონერთა 24.91%-მა მხარი არ დაუჭირა, რაც 8,347,545 აქციის შესაბამისია, ხოლო მომხრე მხოლოდ 75.09% იყო (25,168,007).

აღნიშნულთან დაკავშირებით, TBC PLC-ის ბორდმა აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში, მათ ჰქონდათ ურთიერთობა აქციონერებთან დირექტორთა ანაზღაურების ახალ პოლიტიკასთან და კომბინირებული წახალისების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც აქციონერთა 84.83% და 85.39% ხმით AGM-ზე დამტკიცდა.

„მომდევნო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ აქციონერებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს არ დაეჭირათ მხარი მე-3 რეზოლუციისთვის, რათა გავიგოთ მათი შეშფოთება“, - ბორდი ინვესტორებს აცნობებს და აღნიშნავს, რომ მომდევნო 6 თვეში ამასთან დაკავშირებით განახლებას გამოაქვეყნებენ, ხოლო საბოლოო შეჯამებას წლიურ ანგარიშში.

ცნობისთვის, აღნიშნული ანაზღაურების პოლიტიკის ფარგლებში, ბუცხრიკიძის 2023 წლის ჯამური ანაზღაურება, მათ შორის ფიქსირებული და ცვლადი ანაზღაურება 14.975 მლნ ლარი იყო, რაც 2.7-ჯერ არის გაზრდილი (y.y). თავისი გადაწყვეტილებით, CEO საპენსიო კონტრიბუციას კომპანიისგან არ იღებს. 

აქვე ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ წლიური ბონუსი მან აქციების სახით მიიღო, რაც 2,830,360 ლარის შესაბამისი და ხელფასის 89% იყო, მაშინ როცა, მაქსიმალური შესაძლებლობა ხელფასის 135%-ია).  მისი ფიქსირებული წლიური ანაზღაურება კი თითქმის უცვლელია და 3.2 მლნ ლარს შეადგენს.

ყველაზე მეტი ცვლადი შემოსავალი მან 2021-2023 წლებისთვის LTIP ჯილდოს ფარგლებში მიიღო, 8.91 მლნ ლარი (სებ-ის კურსი 3.3426 GEL/GBP/აქციაზე 4Q23-ის განმავლობაში, საშუალო ფასის - GBP27.76-ის შესაბამისად). გაერთიანებული სამეფოსთვის მოქმედი გადასახადების გამოკლების შემდეგ, მას 74,418 აქცია გადაეცა.

დანარჩენი არააღმასრულებელი დირექტორები კი პოლიტიკის თანახმად, მხოლოდ ფიქსირებულ ანაზღაურებას იღებენ, რაც წლიურად უცვლელია და აქედან ყველაზე მეტს არნე ბერგრენი, 356 ათასი ლარის ოდენობით.