თბილისი (GBC) - 2025 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ Georgia Capital-ს (GCAP) მათი სააპელაციო საქმის განხილვის შედეგი შეატყობინა, რომელიც ხანგრძლივ, წარსულში წარმოქმნილ დავას ეხება - იმედი L-ის ყოფილ აქციონერებსა და GCAP-ის რამდენიმე პორტფელურ კომპანიას შორის, 2012 წელს იმედი L-ის ბიზნესის შეძენასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს სრულად დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერჯერობით კომპანიას არ მიუღია, უზენაესმა სასამართლომ მათ აცნობა, რომ უარი განაცხადეს GCAP-ის აპელაციის დაკმაყოფილებაზე და დაავალა მოპასუხეებს მოსარჩელეებისთვის გადაეხადათ ძირითადი თანხა $12.7 მლნ, რომელზეც 2012 წლიდან დარიცხულია 8%-იანი მარტივი პროცენტი, რის შედეგადაც საერთო გადასახდელი თანხა გადაწყვეტილების გამოცხადების დღისთვის შეადგენს $26.5 მლნ-ს.
რადგანაც ამ საქმეზე შემდგომი გასაჩივრება შეუძლებელია, GCAP-ის 3Q25-ის წმინდა აქტივების ღირებულების (NAV) ანგარიშში ასახულია აღნიშნული გადასახდელი თანხა სრულად, მათ შორის დამატებით აღრიცხულია $16.5 მლნ-ის ოდენობის სამართლებრივი რეზერვი, რომელიც ასევე ამავე კვარტალის ბალანსში მოხვდა.
„უახლოეს მომავალში ველოდებით სასამართლოს წერილობით გადაწყვეტილებას, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ეს ძველი საქმე ახლა დასრულებულია და ზარალი სრულად აღრიცხულია“, - აცხადებს GCAP.
ჯგუფის CEO-სა და თავმჯდომარის, ირაკლი გილაურის განცხადებით, მიუხედავად აღნიშნული ერთჯერადი სამართლებრივი მოვლენისა, ჯგუფმა მეოთხე კვარტალში კვლავ მიაღწია მყარ ოპერაციულ და ფინანსურ შედეგებს. „აღნიშნული სამართლებრივ დავაზე შექმნილი საბოლოო რეზერვით NAV-ის თითო აქციაზე ეფექტი -1პპტ იყო“, - აცხადებს ის.
მისივე თქმით, ფუნტ სტერლინგში 2025 წლის მესამე კვარტალში NAV-ის თითო აქციაზე ზრდა შეადგენდა 10.8%-ს, რაც ასახავს კვარტალის განმავლობაში ლარის მცირედ გამყარებას ფუნტის მიმართ.
ჯგუფი ვარაუდობს, რომ მიუხედავად ამ გადასახდელის აღიარებისა გასულ კვარტალში, მისი ზემოქმედება 4Q25-ში მინიმალური იქნება, რადგან მოსალოდნელია სარეზერვო და ლიკვიდურობის ბუფერის შემცირება სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად.
შეგახსენებთ, Bank of Georgia Holdings plc -მა (GCAP-ისა და BGEO-ს დემერჯამდე) თავისი შვილობილი კომპანია ალდაგი BCI-ს მეშვეობით, 2012 წელს კომპანია Meta Limited შეიძინა, რომელიც ფლობდა იმედი L-ის 51%-იან წილს. გარდა ამისა, ალდაგს იმედი L-ის 34%-იანი წილიც მიყიდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD). ტრანზაქციებით, ალდაგი BCI-ს საკუთრებაში გადავიდა იმედი L-ის 85%-იანი წილი.
იმედი L-ის საერთო აქტივები 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა ₾68მლნ-ს, ხოლო წმინდა აქტივები, ალდაგი BCI-ს შეფასებით, 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით შეადგენდა დაახლოებით ₾8მლნ-ს.
GCAP-ი მაშინ აცხადებდა, რომ გადახდილი ფასი ნაღდი ფულით 85%-იან წილში შეესაბამება შეფასებას, რომელიც დაახლოებით უდრის კომპანიის წმინდა აქტივების ღირებულების ერთჯერად ოდენობას (ანუ შეძენა განხორციელდა 1xNAV შეფასებით).
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები 2015 წლიდან მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, სასამართლო პროცესები 2015 წლიდან მიმდინარეობდა სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის (მოსარჩელეები) ზოგიერთ აქციონერთან ბიზნესის შეძენის ფასის თაობაზე. ყოფილი აქციონერები პრეტენზიას აცხადებდნენ, რომ 2012 წელს სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის აქციების 66% იძულებით გაიყიდა, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად.
როგორც იმედი L-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ნიკოლაძე აცხადებდა, 2012 წელს ალდაგმა იმედი L-ი $5 მლნ-ად შეიძინა, რაც კომპანიის სიმძლავრეებიდან გამომდინარე იმ დროს სრულიად არაადეკვატური ფასი იყო. ნიკოლაძე მაშინ განმარტავდა, რომ კომპანიის გასხვისება აქციონერების ნებით არ მომხდარა და კომპანია მათ იძულების გზით, სრულიად არასაბაზრო ფასად დაათმობინეს. მისი თქმით, აქციონერები იძულებულნი იყვნენ კომპანია დაინტერესებული მხარის, "საქართველოს ბანკისა" და "ალდაგის" მიერ შეთავაზებულ ფასად გაეყიდათ.
სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ და ალდაგი იცავდნენ თავიანთ პოზიციას, რომ წარდგენილი პრეტენზიები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მოპასუხეებმა 2018 წელს სასამართლო პროცესი მოიგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსარჩელეებმა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და 2020 წლის იანვარში თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქმე უკან დაებრუნებინა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის საქმის გარემოებების დამატებითი ანალიზისთვის, ეს გადაწყვეტილება შენარჩუნდა უზენაესი სასამართლოს მიერ 2022 წლის თებერვალში. 2022 წლის ივლისში კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეები და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ გადახდილ უნდა ყოფილიყო $12.7 მლნ-ის ოდენობით ძირითადი თანხა და 5% საპროცენტო განაკვეთით დარიცხული პროცენტი დაკარგული შემოსავლის კომპენსაციისთვის (სულ $21 მლნ). GCAP დარწმუნებული იყო რომ საქმეს მოიგებდა, შესაბამისად თავის ფინანსურ ანგარიშგებაში პოტენციური ვალდებულებისთვის ანარიცხი არ ჰქონდა შექმნილი. GCAP-ი ხელმძღვანელობას 2022 წლის ბოლოს მიაჩნდა, რომ ამ საქმეში ზარალის წარმოქმნის ალბათობა ძალიან დაბალი იყო, შესაბამისად, პორტფელური კომპანიების სამართლიან ღირებულებაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული პოტენციური ვალდებულებების გათვალისწინების გადაწყვეტილება მაშინ არ მიიღეს.