თბილისი (GBC) - საქართველოს საპენსიო ფონდის მონაცემებით, 2026 წლის მარტის ბოლოსთვის ფონდის ჯამურმა აქტივებმა ₾8.8 მლრდ-ს გადააჭარბა, საიდანაც დაგენერირებული ამონაგები ₾2.4 მლრდ-ს შეადგენს. მიუხედავად ზოგადი ზრდისა, მარტის თვე საინვესტიციო პორტფელებისთვის რთული აღმოჩნდა - გლობალურ ბაზრებზე ირანში ომის ესკალაციით გამოწვეულმა არასტაბილურობამ პორტფელების მომგებიანობაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდამ და აქციების ბაზარზე ინვესტორთა სენტიმენტების გაუარესებამ პორტფელების წლიურ დინამიკაში კორექცია გამოიწვია. ყველაზე მეტად ეს აისახა იმ პორტფელებზე, რომლებიც საერთაშორისო აქციებში მაღალი წილით არიან წარმოდგენილნი:

  • დინამიკური პორტფელი: -3.08%-იანი კლება
  • დაბალანსებული პორტფელი: -1.85%-იანი კლება
  • კონსერვატიული პორტფელი: -0.39%-იანი მცირე კლება

ფონდის განმარტებით, პორტფელების მდგრადობა ადგილობრივი აქტივების სტაბილურმა შემოსავლიანობამ შეინარჩუნა. მიუხედავად მარტის ვარდნისა, სამივე პორტფელი წლის დასაწყისიდან დღემდე დადებით ნიშნულზე რჩება, ხოლო მათი შექმნიდან დღემდე გაწლიურებული ამონაგები 11%-დან 13%-მდე მერყეობს.

საპენსიო სქემაში ამჟამად 1 მილიონ 727 ათასი ადამიანია გაწევრიანებული. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 30,138-მა პირმა, რომლებზეც ჯამში ₾145,5 მლნ გაიცა.

ფონდი ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, უქმე დღეების გამო, მომსახურების მიღება როგორც ცხელ ხაზზე, ისე იუსტიციის სახლის ფილიალებსა და ფონდის მისაღებ სივრცეში შეუძლებელი იქნება.