თბილისი (GBC) - "საქართველოს საპენსიო ფონდის" განახლებული სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, ფონდში აკუმულირებული აქტივების მოცულობამ ₾6.7 მლრდ-ს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა ₾1.6 მლრდ-ს მიაღწია.
2025 წლის აპრილში დინამიკურმა პორტფელმა ყველაზე მაღალი ამონაგები აჩვენა და წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა თანაბარი - 0.7%-იანი - თვიური ზრდა დააფიქსირეს.
წლიურ ჭრილში, კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის ნომინალურმა ამონაგებმა 12.1% (გაწლიურებული) შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 11.7% და 11.2% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. აპრილის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 48%, დაბალანსებულში 30.1%, ხოლო კონსერვატიულში 16.1% იყო.