თბილისი (GBC) – აშშ-ის სამი უმსხვილესი ნავთობკომპანიების ExxonMobil-ის, Chevron-ისა და ConocoPhillips-ის ხელმძღვანელები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ მარტში აფრთხილებდნენ, რომ ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ბლოკირება საწვავის კრიზისს, მათ შორის ნავთობპროდუქტების დეფიციტს გამოიწვევდა. მათი შეფასებით, ეს კრიზისი უკვე დადგა. ამის შესახებ The Wall Street Journal ტეხასში გამართული ორი ენერგეტიკული კონფერენციის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

„მისი შეკავების მექანიზმები ხელს უწყობდა ფასებთან და მიწოდებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას“, თუმცა ახლა ისინი „ამოწურულია“, – განაცხადა Chevron-ის გენერალურმა დირექტორმა მაიკ უორთმა.

მსოფლიოში საწვავის კომერციული მარაგები უკვე ექვს თვეზე მეტია სწრაფად მცირდება. სტრატეგიული რეზერვებიდან მარაგების შევსების იმედი კი მცირეა მას შემდეგ, რაც OECD-ის ქვეყნების მთავრობებმა გაზაფხულზე რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელის გამოტანის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, ჩინეთმა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ნავთობის იმპორტი და საკუთარი მარაგებიდან ნედლეულის გამოყენებით ქვეყნის დღიური მოხმარების თითქმის ნახევარი დააკმაყოფილა, ბოლო კვირებში საერთაშორისო მომწოდებლებისგან შესყიდვები კვლავ გაზარდა.

„ახლა ჩვენს სისტემაში აღარ არის ის ბუფერები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებისას არსებობდა“, – განაცხადა უორთმა.

მისი თქმით, რთულია იმის წარმოდგენა, რომ ნავთობზე ფასები სწრაფად შემცირდება.

„მინდა გითხრათ, რომ სიტუაციის გაუმჯობესების რაიმე მიზეზს ვხედავ, რადგან ახლა ეს ნაკლებად სავარაუდოა“, – აღნიშნა მან.

WSJ წერს, რომ ინდუსტრიის ექსპერტები კონფერენციებზე გაფრთხილებით გამოვიდნენ – რადგან ირანთან კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს, ვითარების კონტროლიდან გამოსვლის რისკი რეალურია.

აშშ-ში დიზელის ფასი გასულ კვირაში ისტორიაში პირველად გალონზე $6-მდე გაიზარდა, მიმდინარე კვირაში კი $6.23-საც მიაღწია. ბენზინის ფასი, რომელიც ზაფხულში გალონზე $4-ზე ქვემოთ იყო ჩამოსული, $4.32-მდე გაიზარდა.

ნავთობის ფასი ივლისის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის წინასწარი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას გარკვეული დეესკალაცია მოჰყვა, მკვეთრად გაიზარდა. სამშაბათს ეტალონური Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე $108-ს გადააჭარბა.

ტრეიდერები მოთხოვნა–მიწოდების და შესაბამისად ფასების მხრივ სიტუაციის გაუარესებას ელოდებიან. ორთვიანი ფიუჩერსული კონტრაქტის ფასი უახლოესი, ერთთვიანი კონტრაქტის ფასს ბარელზე $4.7-ით აღემატება, მაშინ როცა აგვისტოს შუა პერიოდში სხვაობა $2-ზე ნაკლები იყო.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) შეფასებით, მსოფლიოში ნავთობის კომერციული მარაგები ომის დაწყებიდან, თებერვლიდან მოყოლებული, ჯამში 507 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც საშუალოდ დღეში 2.8 მილიონ ბარელს შეადგენს.

WSJ-ის ცნობით, ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები და ექსპერტები მსოფლიო ბაზრის მთავარ პრობლემად ირანთან კონფლიქტს მიიჩნევენ და არა რუსეთ-უკრაინის ომს. მათი შეშფოთება ბოლო კვირებში ახლო აღმოსავლეთში მოვლენების ესკალაციამ განსაკუთრებით გააძლიერა.

Quantum Capital Group-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის უილ ვან ლოს თქმით, უმეტეს შემთხვევაში მოლაპარაკებებში უპირატესობას ის მხარე იღებს, რომელსაც მეტი დრო აქვს და რომელსაც უფრო დიდხანს შეუძლია გაძლოს.

„ირანი მზად არის, გაჭირვებას გაუძლოს. მისი ხალხი უკვე მრავალი ათწლეულია, უზარმაზარ გაჭირვებას იტანს“, – განაცხადა მან.