თბილისი (GBC) – სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ ბო ლიმ ვაშინგტონში სების პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი მომავალში კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ტექნიკურ დახმარებას. სსფ-ის სახელით მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სხვადასხვა რეფორმების კუთხით.

სების ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის არსებულ მიღწევებს. ქართულმა მხარემ სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ქვეყანაში მდგრადი ფისკალური პოზიციისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები -  გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

სების პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი დელეგაციითურთ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობენ.