თბილისი (GBC) – ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმთან მდებარე ბაბუშერას აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახებს გაასახლებენ. ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ წერს.

სეპარატისტული რეგიონის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრმა 26 მარტს ადგილობრივებთან, რომლებიც წლებია ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, შეხვედრა გამართა.

აღნიშნულ ზონაში მცხოვრებთა ნაწილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, მათ გადასახლებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება.

„შეიძლება ვინმე დათანხმდეს გადასახლებას, მაგრამ ამას ყველა არ ვეთანხმებით, კომპენსაციის გადახდის შემთხვევაშიც კი“, – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.

ე.წ. რუსულ–აფხაზური შეთანხმების თანახმად, ბაბუშერას აეროპორტის აღდგენისთვის სეპარატისტებმა უნდა „ამოიღონ უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები მესამე პირებისგან, რათა რუსულმა კომპანიამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება შეძლოს“.

მანამდე რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12 მლრდ რუბლს (350 მლნ ლარი) შეადგენს. მისივე თქმით, რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით პირველი საცდელი რეისის შესრულება 2024 წელს იგეგმება.

2023 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტს რუსეთის შს ყოფილი მინისტრის რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანია განახორციელებს. ნურგალიევი ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილეა.