თბილისი (GBC) - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველოს სერიოზული ცვლილებები სჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად ისევ ჩაითვალოს. ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა ევროპელმა პოლიტიკოსმა European Pravda-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა ბორელს შეკითხვა უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე ჰკითხა, არის თუ არა რაიმე მსგავსება ქვეყნებს შორის. ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს რაიმე მსგავსებას საქართველოსა და უკრაინას შორის.
„უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად არიან ჩართული ევროკავშირში გაწევრებაში, ისევე როგორც უკრაინული საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი და უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში არის ძლიერი უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ.
საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასე არ არის.
ჩვენ ვეუბნებოდით საქართველოს საქართველოს მთავრობას, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას. და თუ მათ სურთ, გახდნენ ევროკავშირის წევრი, უნდა შეცვალონ მათ მიერ მიღებული კანონი, მოაგვარონ არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები და დაუბრუნდნენ ევროინტეგრაციის გზას. მათ სჭირდებათ ძლიერი ცვლილებები, თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატად ისევ ჩაითვალონ“, – განაცხადა ბორელმა European Pravda-სთან ინტერვიუში.
ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კურსი საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და საქართველოს EU-ში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ბოლოჯერ იმყოფება - მინისტრმა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან 45 მილიონ -ევროიანი სამხედრო დახმარება და გაყინული რუსული აქტივებიდან 400 მილიონ -ევროიანი მხარდაჭერა განიხილა.