თბილისი (GBC) - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში (Munich Security Conference) მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, სადაც ის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებს.

„ასევე, გახარიას ექნება პირისპირ, ორმხრივი შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან, ამერიკულ და ევროპულ წამყვან ანალიტიკურ ორგანიზაციებთან.

გიორგი გახარიას მთავარი გზავნილები საქართველოს პარტნიორებთან, უპირველეს ყოვლისა, შეეხება უკანონო პოლიტიკური პატიმრების დროულად გათავისუფლების მოთხოვნას და საქართველოს დროულ დაბრუნებას ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე, რაც მხოლოდ და მხოლოდ შეცვლილ საარჩევნო გარემოში ახალი არჩევნების გზითაა შესაძლებელი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.