თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ხუთშაბათს გაკეთებული განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის ქმედებები იმ ოკუპაციის შედეგია, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის გამო დადგა. მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ოკუპაცია ანექსიაში არ გადაიზარდოს.
პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ 2022 წელს გარკვეული ძალები საქართველოს რუსეთთან ესკალაციისკენ უბიძგებდნენ, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვებოდა, თუმცა ხელისუფლებამ ქვეყანა ამ სცენარს აარიდა.
„თავისთავად ეს იმ ოკუპაციის მიმდინარე შედეგებია, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური და გარედან წაქეზებული პოლიტიკის შედეგად დადგა. სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა, რომ ოკუპაცია არ გადაიზარდოს ანექსიაში. ამისკენ გვიბიძგებდნენ - 2022 წელს რომ რუსეთის წინააღმდეგ ესკალაციაზე გვიბიძგებდნენ, ამის შედეგი რაც იქნებოდა, ყველა ხვდებოდა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოწვევა, რომელიც ოკუპაციის სახით გვაქვს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, თუ რატომ არ არის ხელისუფლება რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ ისეთივე კრიტიკული, როგორიც ევროკავშირის მიმართ, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამართლებრივ დონეზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დოკუმენტურად დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი, რაც პოლიტიკურ ენაზე სწორედ ოკუპაციას ნიშნავს.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შედეგი მოიტანა ხელისუფლების პოლიტიკამ და ე.წ. „დუმილმა“, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი ეცემა.
„ყველა გამოწვევას აქვს სათანადო პასუხი და სათანადო ინსტრუმენტი გამოიყენება. იქ, სადაც საჭიროა სიტყვით რეაგირება - ვიყენებთ სიტყვის რეაგირებას. იქ, სადაც საჭიროა საქმით რეაგირება - არის საქმით რეაგირება. სწორედ ამის შედეგია დღეს ის, რომ საქართველო ეკონომიკურად ყველაზე მზარდი, უსაფრთხოების მხრივ ყველაზე დაცული და პოლიტიკურად ყველაზე მყარი ქვეყანაა რეგიონში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საკითხი ეხება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა. მანამდე, პუტინსა და გაგლოევს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კრემლში 9 მაისს ხელმოწერილი „ღრმა ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების“ რეალიზაცია განიხილეს. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. მთავრობის ცვლილება ცხინვალის რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო შესვლას არ უკავშირდება.