თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთი რაღაცები ხდებოდა. მისივე თქმით, „ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა, ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები“.

პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, გაყიდეს „ნორჩი დინამოელის" უნიკალური ბაზა, რომელმაც თაობები აღზარდა.

„ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლია, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა, თამაშებზე, საკუთარი ხარჯით. ზოგჯერ ჰპირდებოდნენ, პოსტფაქტუმ, ამ ხარჯების ანაზღაურებას და იყო შემთხვევები, როდესაც პოსტფაქტუმაც არ უნაზღაურებდნენ ხარჯებს. ანუ, ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთი რაღაცები ხდებოდა, ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა, ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები. ასევე შეგახსენებთ, რომ დაანგრიეს ბათუმის სტადიონი. ქალაქი, რომელსაც აქვს ასეთი სპორტული, საფეხბურთო ტრადიციები, წლების განმავლობაში დატოვეს საერთოდ სტადიონის გარეშე და რომ არა ჩვენს დროს დაინიციირებული და განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტი, ბათუმს დღესაც არ ექნებოდა სტადიონი. ეს იყო მათი დამოკიდებულება სპორტის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა. კიდევ ერთი სრულიად აღმაშფოთებელი მოვლენა - მაშინ ადგნენ და გაყიდეს „ნორჩი დინამოელის" უნიკალური ბაზა დიდუბეში, რომელიც იყო არა მარტო ბაზა, ეს იყო უნიკალური კომპლექსი თავისი უნიკალური ისტორიით, სადაც გაიზარდა დინამოელების ყველა თაობა და ეს ტერიტორია უბრალოდ აიღეს და გაყიდეს. თან მოატყუეს ერთ-ერთი უცხოელი ინვესტორი, სამშენებლოდ გაყიდეს და არ უთხრეს, რომ ქვემოთ გადიოდა მეტრო. შესაბამისად, თან დაანგრიეს უნიკალური ბაზა და თან უცხოელ ინვესტორს ისე მისცეს ტერიტორია, რომ იქ მშენებლობა არის შეუძლებელი. ეს იყო დამოკიდებულება. არ უნდა გიყვარდეს არც ქვეყანა, არც ქალაქი, არაფერი უნდა გიყვარდეს რომ ასეთი რამ გააკეთო. როგორ შეიძლება „ნორჩი დინამოელის" უნიკალური ბაზა, რომელიც 1949 წელს აშენდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ თაობები გაზარდა, აიღეს და გაასხვისეს, კორუფცია და ათასი მიზეზი, აღარ მინდა ჩამოვთვალო. ჩვენი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არის რადიკალურად განსხვავებული, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სპორტზე და განვაგრძოთ ზრუნვა სპორტზე, ფეხბურთზე,"- აღნიშნა პრემიერმა.

პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.