თბილისი (GBC) - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს".

„მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება, აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, – ამბობს ის.

ინტერვიუში გალუზინი 2008 წლის ომში საქართველოს ადანაშაულებს და ამბობს, "დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა არა რუსეთმა, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა“ გაწყვიტა.

გალუზინის თქმით, ამისთვის საქართველოში „სააკაშვილის რეჟიმს“ ამჟამად უმკაცრესად აკრიტიკებენ. ის აქებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს: „გასულ შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ხელმძღვანელობამ გააკეთა ძალიან გონივრული განცხადებები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ როგორც ხვდება, იგივე დამოკიდებულება აქვს ოფიციალურ თბილისს აფხაზეთის მიმართაც, „და ეს, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია“.

ის იმედოვნებს, რომ ეს გამოიხატება კონკრეტულ ნაბიჯებში „საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“.

ამავე ინტერვიუში გალუზინი ამბობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი არ შეიცვლება და წუხს, რომ საქართველო ამ საკითხს უკავშირებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, მიღებული 2008 წლის აგვისტოში, გადახედვას არ ექვემდებარება“, - აღნიშნა გალუზინმა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ორშაბათს ჰკითხეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ამ განცხადებაზე. პაპუაშვილმა კი თქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას ერთადერთი ბარიერი – ტერიტორიების ოკუპაცია უდგას წინ. 

ამასთან, პაპუაშვილი თვლის, რომ ამ ბარიერის მოხსნა რუსეთს ძალიან მარტივად შეუძლია: „საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთს შეუძლია ძალიან მარტივად ეს ბარიერი მოხსნას, როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი.

სხვა საკითხებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ერთადერთი საკითხი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც არის ერთადერთი ბარიერი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე და ამ ბარიერის მოხსნა ხელეწიფება თავად რუსეთს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.