თბილისი (GBC) - 2026 წლის აგვისტოში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე უცხოეთის მოქალაქეების აქტივობა მცირედით გაიზარდა და მათმა წილმა მთლიან ტრანზაქციებში 14%-ს მიაღწია (ივლისში ეს მაჩვენებელი 12% იყო). საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის კვლევის თანახმად, უცხოელთა წილის მატების მიუხედავად, დედაქალაქში, როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებში, მყიდველთა უმრავლესობას კვლავ საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ.
საერთო ჯამში, აგვისტოში თბილისში 3 388 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.9%-ით მეტია. ბაზრის ზომა კი 35.2%-ით გაიზარდა და 297 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
გაყიდვების ზრდა განსაკუთრებით ახალ პროექტებში დაფიქსირდა (+23.7%), რაც ბაზარზე გაზრდილ მიწოდებას ასახავს. Colliers-ის შეფასებით, ზრდის ძირითადი წილი სამგორისა და დიდი დიღმის რაიონებზე მოდის.
პარალელურად, გაზრდილია ბინების ფასებიც. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი:
- ქალაქის ცენტრში - 16.7%-ით გაიზარდა;
- ფართო ცენტრში - 16%-ით;
- გარეუბნებში - 10.4%-ით.
განსხვავებული ტენდენცია ბათუმში
თბილისისგან განსხვავებით, სადაც ადგილობრივი მყიდველები ჭარბობენ, ბათუმში საპირისპირო ვითარებაა. Colliers-ის მონაცემებით, აგვისტოში ბათუმში უცხოელი მყიდველების წილმა ძველ და ახალ პროექტებში ქართველების წილს გადაუსწრო და 52% შეადგინა (ივლისში უცხოელების წილი 48% იყო, ხოლო ქართველების - 50%).
აგვისტოში ბათუმში სულ 1 235 საცხოვრებელი ბინის ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 4.3%-ით ნაკლებია, თუმცა ბაზრის საერთო ზომა 2.9%-ით გაიზარდა და 81 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
