თბილისი (GBC) - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას მოშიმშილე თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დაკავებული თემურ ქათამაძე მე-18 დღეა შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს. მის ინტერესებს საია იცავს.
ქათამაძე სამტრედიის და თბილისის საქალაქო რაიონული სასამართლოების ბრძანების საფუძველზეა დაკავებული.
საიას ცნობით, უცნობია ისიც, კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების თავიდან არიდების მიზნით.
"ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი დაკავებულის მოვლა და მიმდინარეობს თუ არა მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით. თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების შესაბამისი უწყებიდან გამოთხოვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და შეფასების მოთხოვნით საიას ადვოკატმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს", - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ორგანიზაცია მოითხოვს, ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების დაუყოვნებლივ გადაცემას, დაკავებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად მუდმივი მონიტორინგის და მკურნალობის განხორციელებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თემურ ქათამაძის სააპელაციო საჩივარს, მიმდინარე წლის 3 თებერვალს, 14:00 საათზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო 7 თებერვალს, 15:00 საათზე განიხილავს, რომლებითაც გასაჩივრებულია აღნიშნული პირის დაკავება და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ხოლო როცა იზოლატორი დატოვა – 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება.
შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად.
თემურ ქათამაძე ამბობს, რომ დაკავება უკავშირდება „ალბათ საქართველოში ყოფნის ვადის გადაცილებას”.
ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან” ინტერვიუში ის ამბობს, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
„ბათუმელებმა” თემურ ქათამაძისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მასზე, დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.
17 იანვარს მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.