თბილისი (GBC) – დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ მოცემულობაში, საქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებში ხელშემშლელი ფაქტორები გამოიკვეთა. დღეს ისევ გვიწევს იმის მტკიცება, რომ ევროპის კავშირის ბაზარი ეს არის: უზარმაზარი პოტენციალი, უზარმაზარი ინვესტიციების წყარო, უზარმაზარი ტექნოლოგიების წყარო, ეს არის გაცვლითი პროგრამები ათასობით ქართველი სტუდენტისთვის, ეს არის ხელფასების ზრდის პერსპექტივა (ევროკავშირში საშუალო თვიური ხელფასი 2 290 ევროთი (დაახლოებით 7 000 ლარით) მეტია, ვიდრე საქართველოში.), ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, ეს არის ლეგალურად მუშაობის უფლება ევროპის კავშირის ქვეყნებში (ISET Policy Institute- ის 2023 წლის მონაცემებით, ევროკავშირში დასაქმების დონე 35%-ით მაღალია, ვიდრე საქართველოში.), ეს არის პენსიები ევროპული სტანდარტით (ევროკავშირში თვიური პენსია 13-ჯერ მეტია (დაახლოებით 4,000 ლარით), ვიდრე საქართველოში). თითქოს ყველაფერი შეიცვალა, ახლა ვამტკიცებთ, რომ ამის საპირწონე არის ჩინეთი და რუსული თუ ჩინური ბაზრები. არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელიც გამდიდრდა რუსეთთან ვაჭრობით. უფრო მეტიც, რუსეთი ისტორიულად ახდენს ინსტრუმენტალიზაციას პოლიტიკის და ეკონომიკური ბერკეტების.

დღეს საქართველოს ევროკავშირთან აქვს: ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ვიდრე 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის  ბარბაროსული ომი დაიწყებოდა უკრაინის წინააღმდეგ, ვიყავით კიდეც უკრაინა-მოლდოვასთან ერთად ტრიოში (ტრიო გაფორმდა ბათუმში, როდესაც ვიზიტით იყვნენ ჩამოსულები მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი), საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორივე სახელმწიფოს წარმომადგენელთან გააფორმა ეს ტრიო. ტრიო, რომლის მთავარი მიზანი იყო ერთმანეთის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. ანუ, ეს სამი ქვეყანა ერთად მიდიოდა ევროპისკენ. შემდეგ დაიწყო ომი და ამ ომმა რეგიონში საგარეო პოზიციონირების გარკვეული ტრანსფორმირება მოახდინა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თითქოსდა დაიკავა ისეთი პოზიცია, რომ აი, ჩვენ კი ვუჭერთ მხარს უკრაინას და ის ჩვენი მეგობარია, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შემოვიღებთ. გავაგრძელებთ ვაჭრობას. პროცესები გაგრძელდა. გზა და გზა ამ პროცესს პრობლემებიც ემატებოდა. იმიტომ, რომ ერთია, როდესაც შენ უარს ამბობ იმაზე, რომ სანქციებს არ აწესებ, მაგრამ მეორეა, რომ შენ იმ დახმარებას, რომელსაც უკრაინა შენგან იმსახურებს, (თუნდაც ეს არ იყოს სამხედრო დახმარება, იყოს მაგალითად, ფინანსური დახმარება ან, ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული მასშტაბი) თავს აძლევ უფლებას, რომ ხისტი შეფასებებით გამოხვიდე, რომელსაც უკრაინა ძალიან ცუდად აღიქვამს. ამ ყველაფერმა უკრაინასთან დაგვაშორა. უკრაინასთან ერთად დაგვაშორო დასავლეთს. შეიძლება იმ პერიოდში ეს ბევრს გააზრებული არ ჰქონდა, მაგრამ ასე მოხდა.

გეოპოლიტიკურად სამხრეთ კავკასია განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელია, ვინაიდან რუსეთის სივრცე ჩაიკეტა სანქციების შედეგად. რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების გაყინვის შემდეგ ეკონომიკური ურთიერთობებიც გაიყინა ევროპის კავშირთან და გადალაგდა აღმოსავლეთზე და სამხრეთზე. შესაბამისად, რუსეთის სატრანზიტო პოტენციალი თითქმის განულდა და პრაქტიკულად აღარ არსებობს. ამიტომ, სამხრეთ კავკასიამ შეიძინა ახალი მნიშვნელობა, მათ შორის საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მდგრადი სატრანზიტო წვდომა ჩინეთსა და ევროპის კავშირს შორის (ჩინეთის და ევროპის კავშირის წლიური სატრანზიტო ბრუნვა შეადგენს 800 მილიარდ დოლარს, ამას ემატება ამერიკასთან 750 მილიარდი დოლარის ბრუნვა. რუსეთის ჩინეთთან ვაჭრობა კი დაახლოებით 240 მილიარდ დოლარს შეადგენს). მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩინეთის მთავარი პარტნიორია, ეს ციფრები მოწმობს იმას, თუ რამდენადაა დაინტერესებული ჩინეთი ევროპის ბაზრით და არა - რუსეთის.

დღეს საქართველოს პარტნიორი ქვეყნები თანხმდებიან, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ გზას.  ამის მიზეზი კი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი გახლავთ, რომელიც საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნებამ“ 14 მაისს მესამე მოსმენით, 84 ხმით დაამტკიცა. ეს კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა დაფინანსებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში,  დაჯარიმდებიან  25 ათასი ლარით  (და თუ მაინც არ წარადგენს, 20 000 ლარი არაუმეტეს თვეში ერთხელ). მარტივად რომ ვთქვათ, ორგანიზაცია ვერცერთ ლარს დონორისგან ისე ვერ აიღებს და ვერცერთ თეთრს ისე ვერ დახარჯავს, რომ ამის შესახებ არ იცოდეს ხელისუფლებამ. მისი მოქმედების ფარგლები და ტექნიკური მხარის განსაზღვრა კი  იუსტიციის სამინისტროს დაეკისრება.

ექსპერტების აზრით, კანონის შინაარსი ბუნდოვანია და იგი მოხელეების მხრიდან სასურველი ინტერპრეტაციით გამოყენების საშუალებას იძლევა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის  18 მაისს, ვეტო დაადო ე.წ „აგენტების კანონს“, რადგან მას მიაჩნია, რომ  ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს. საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს პროცედურის გამოყენებით კანონპროექტს მხოლოდ ერთი წინადადება დაამატა: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში“.

2024 წლის, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები და „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო დაძლია. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა, მხარდამჭერი არავინ ყოფილა. კანონპროექტს, რომელიც მანამდე სამი მოსმენით იყო მიღებული, მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ოთხი.

„კანდიდატის სტატუსის მიღებამ დათვური სამსახური გაუწია „ქართულ ოცნებას“ და მმართველ პარტიას, იმიტომ, რომ ჩავარდნენ ილუზიაში, რაც არ უნდა გაეკეთებინათ მათ აქ, საქართველოში ამის მიუხედავად ევროპის კავშირი მაინც თვალს დახუჭავდა ბევრ რამეზე და თანამშრომლობას გააგრძელებდა. მმართველი პარტია კი შეინარჩუნებდა იმ რიტორიკას, რომ რაც არ უნდა  მოხდეს, აქ, შიგნით, საქართველო მაინც გავხდებით ევროპის კავშირის წევრი, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი, როგორც სახელმწიფოს მთავარი მიზანი და ამაში მხარს გვიჭერენ  სხვა პარტნიორი სახელმწიფოები“. - აღნიშნა  საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა ჩემთან ინტერვიუში.

ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მკაფიო განცხადებებისა, 2024 წლის ეს კანონი მაინც უკან დააბრუნეს, რაც ქართულმა საზოგადოებამ აღიქვა როგორც შეურაცხყოფა.

„რატომ გააკეთეს ეს? - ამასთან დაკავშირებით არსებობს ბევრი სხვადასხვა იდეა. მე ვარ შემდეგი ლოგიკის მომხრე ქართული ოცნების მხრიდან, ყველა სოციოლოგიური გამოკვლევით, ვიდრე ეს კანონი დაბრუნდებოდა პარლამენტში განსახილველად, ქართული ოცნება მინიმუმ 10-12%-ით უგებდა მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ამ ორ პარტიასთან ერთად (ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას) ჰქონდა მხოლოდ გახარიას. შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ დაასკვნა, რომ პოლარიზაციის გაღვივება საზოგადოებაში იქნებოდა მათთვის სასარგებლო, ვინაიდან ეს გადაუწყვეტელი ხმები გიაწოვებოდა ორ პოლუსზე, შესაბამისად დანარჩენ პარტიებს ექნება ძალიან ნაკლები შანსი იმისა, რომ გადალახონ 5%-იანი ბარიერი. უბრალოდ მათემატიკური გადათვლის შედეგად ავტომატურად ქართული ოცნება პოლარიზაციის გაღვივების ფონზე იღებდა უმრავლესობას პარლამენტში“, - აღნიშნა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

მისივე განმარტებით, თითქოს ეს იყო კარგი გათვლა, მაგრამ  მმართველმა პარტიამ ვერ გათვალა ორი რამ, პირველი: ასეთი ძლიერი რეაქცია შიგნიდან, საზოგადოების საწინააღმდეგოდ და მეორე: ასეთი დინამიკური, მკაცრი რეაქციები, მზარდი სიმკაცრის ენით გახმოვანებული, რომელიც მოდის საზღვარგარეთიდან: ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან.

2024 წლის 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა სადაც იგი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ უკან გაეწვიათ კანონი. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამდა, რომ კანონს არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექნებოდა. ამასთან, კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

"როგორც ჩანს, დამატებითი, არსებითი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა კანონში მესამე მოსმენის დროს, დაუყოვნებლივ არ გახმაურდა. ვენეციის კომისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას გამჭვირვალობის ასეთი არარსებობის გამო... ...მიიღეს პროცედურით, რომელიც არ ტოვებდა სივრცეს ჭეშმარიტი დისკუსიისთვის და არსებითი კონსულტაციებისთვის, რაც იყო ღია უგულებელყოფა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის წუხილებისა", - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც "უცხოური აგენტების შესახებ" მიღებულ კანონპროექტს ეხმაურება.

2024 წლის 29 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებისგან მკაფიოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე".

დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, მაგრამ არ გაჰკვირვებია. სენატორს მიაჩნია, რომ სენატისთვის წარდგენილია „ქართველი ხალხის აქტი" უზრუნველყოფს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულებელყოფს ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილებს.

საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ „რუსული სტილის” კანონის მიღებას საქართველოსთვის სამწუხარო დღეა, სენატის დემოკრატი სენატორის განცხადებით, საქართველოში ხალხმა აჩვენა, რომ ივანიშვილს არ მისცემს დემოკრატიის განადგურების და ევროპული მომავლის წართმევის საშუალებას.

საბოლოოდ, ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. ამის მიზეზი კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი იქნება.

ახლა საზოგადოება აპროტესტებს არა მხოლოდ ამ კანონს, არამედ იმას, რომ ცხადად პროევროპული საგარეო ტრაექტორიიდან გადაჰყავს რუსულ ორბიტაზე მმართველ პარტიას საქართველო. დღეს ეს ბრძოლა არის პრაქტიკულად რეფერენდუმი. ოქტომბერში არ გვექნება არჩევნები, გვექნება რეფერენდუმი. სადაც პასუხი გაეცემა კითხვას, ან პროევროპელობა, პროდასავლურობა – ან რუსული ორბიტა.

თუ დავსვამთ კითხვას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის შესახებ ვინ გვაკრიტიკებს და ვინ გვაქებს, დავინახავთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ამისთვის გვაკრიტიკებს და ვინ გვაქებს, რუსები, თანაც ვინ?! - პესკოვი, ლავროვი, მედვედევი, სახელმწიფო დუმის სხვადასხვა დეპუტატები, ლუგავოი, ის ლუგავოი, რომელმაც ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა განახორციელა ლონდონში... კიდევ - დუგინი (რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი)...

ნებისმიერ ორგანიზაციაში წევრობა იწყება ჯერ უფლებების მოპოვებით, მერე – ვალდებულების საკუთარ თავზე აღების ხარჯზე. შენ არ შეგიძლია იყო ორგანიზაციის წევრი და მხოლოდ უფლებები მოიპოვო, ვალდებულებები არ გქონდეს. ამის კარგი მაგალითია: თუ გვინდა ხელფასი და შემოსავალი გვქონდეს ევროში. მაშინ მოგვიწევს შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ევროს ფუნქციონალს განსაზღვრავს არა ნათია თურნავა და ეროვნულ ბანკი, არამედ, ფრანკფურტის ეროვნული ბანკი, რომელიც ევროს ფუნქციონალზე მუშაობს. რა თქმა უნდა, ევროპის კავშირში გაწევრიანება არის სუვერენიტეტის გარკვეული შეზღუდვა მაგრამ სხვანაირად საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა არ მუშაობს.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში, სადაც ყველა კითხულობს, ყველა ისმენს და ყველა ხედავს. ამიტომ ამ ამბავში ერთი რამ არის ნათელი, საქართველომ გადაუხვია ევროპულ გზას. დღეს, ისე როგორც არასდროს ვშორდებით ევროპას მმართველი პარტიის ამ აბსურდული და ზღვარგადასული კონსპირაციებით. ხალხის აზრი კი უცვლელია, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს უნდა ევროპაში ყოფნა. ამიტომ, მანამ სანამ ისტორია შეაფასებს საქართველოს მმართველი პარტიის ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც ის დგამს 2012 წლიდან დღემდე, მანამდე მოვლენებს გავყვეთ უკან.

2023 წლის 8 ნოემბერს, თბილისის დროით 15 საათზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას. რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს გარკვეული დათქმით, საქართველოს უწევს გადადგას 9 ნაბიჯი იმისათვის, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, სადაც ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროპის კავშირისას დაუახლოოს.

პრესკონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა: „ევროკავშირი სრულად უჭერს მხარეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში. ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უკეთ უნდა აირეკლოს ხელისუფლებამ“.

საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას (რომელიც საქართველოსთვის იყო ისეთი სახის ფანჯარა, რომელიც მას არასდროს არ ჰქონია),  ზოგიერთი კი სრულიად ახალია.

2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. იმავე წლის 3 მარტს კი საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

მანამდე, ჯერ კიდევ 2021 წლის 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველომ უმასპინძლა ასოცირებული სამეულისა და ევროპის საბჭოს ლიდერთა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც „ასოცირებული ტრიოს“ ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. სამიტი. ხოლო, 2021 წლის 17 მაისს, კიევში დაფუძნდა ევროპის კავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას „ასოცირებული ტრიო“.

„მივესალმები ჩემს ქართველ და მოლდაველ კოლეგებს კიევში. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა აერთიანებენ ძალისხმევას ევროპული ინტეგრაციისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის განსავითარებლად და რეგიონალური უსაფრთხოებისთვის. ჩვენი სამი სახელმწიფო ერთად უფრო ძლიერია“, - წერდა იმ დროს  სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობდით: „მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის - „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა. მემორანდუმში სამივე ქვეყანა აღიარებს, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. თავის მხრივ, ტრიოს ქვეყნები განახორციელებენ ასოცირების შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, ევროინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად“.

2020 წელს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერთა შეხვედრა, ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომა.

2016 წლის 1–ელ ივლისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, სრულად შევიდა ძალაში. ხოლო, 2016 წელს, 23 ივნისს ბრიუსელში კი, ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმებას.  აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის აღნიშნული ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა თითქმის სამი წელი მიმდინარეობდა.

უნდა ითქვას ისიც, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, საყურადღებოა ყველა მოქალაქე ინფორმირებული იყოს იმ ძირითადი საკითხების შესახებ, რომლებსაც შეთანხმება მოიცავს. უპირველეს ყოვლისა ხელშეკრულებაში საუბარია ევროპის კავშირის მიერ ისეთი პრინციპების პატივისცემაზე, როგორიც არის ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი ვაჭრობა, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.

მანამდე კი, 2014 წლის 27 ივნისს, ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით. მხარეებმა ასევე მიიღეს ასოცირების დღის წესრიგი, რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა, ხოლო 2014 წლის 20 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე.

„საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და ბოლო 6 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმებამ ხელი შეუწყო ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას: საქართველომ წარმატებით განახორციელა ასოცირების შეთანხმებით განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, განახორციელა, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. საქართველო აღიარებულია ლიდერ რეფორმატორ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც არაერთი ევროკავშირის შეფასების ანგარიშით და ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენელთა განცხადებით დასტურდება“. - ვკითხულობდით 2014 წელს საქართველოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

ამას წინ უძღოდა 2013 წლის 12 დეკემბერი, როდესაც ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე ევროპის კავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების შესახებ.

მეზობლობის პროგრამას რაც შეეხება, ჯერ იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა. შემდეგ გადავიდა ეს ასოცირების პროგრამაზე, ამ პერიოდში აზერბაიჯანი ჩამოსცილდა სომხეთს და საქართველოს, ორმა სახელმწიფომ გააგრძელა ასოცირების გზით სვლა, ხოლო 2013 წელს სომხეთი წავიდა სხვა გზით, მან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა აირჩია რუსეთთან ვინაიდან, მისი აზრით, სომხეთს სჭირდებოდა რუსეთის გარანტიები,  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანთან კონფლიქტის კონტექსტში. საბოლოოდ კი, 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. მანამდე, 2012 წლის 4 ივნისს გაიხსნა საქართველო-ევროპის კავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ.

ცნობისთვის, 2010 წლის  17 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ შეთანხმებას.

2009 წლის აპრილიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში შეიქმნა თანამშრომლობის ახალი ფორმატი - ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე დიალოგი (HRD).

2008 წლის 15 სექტემბერს, რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ,  ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM), რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. EUMM ფუნქციონირება ქართულ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთი მათ არ უშვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ის აუვნებელჰყოფს რუსულ პროპაგანდას. რუსეთი მანამ სანამ EUMM გამოჩნდებოდა საოკუპაციო ხაზზე და დაფუძნდებოდა საოკუპაციო ხაზზე მუდმივ რეჟიმში, ავრცელებდა დეზინფორმაციას, რითაც ევროპის კავშირი მარტივად ტყუვდებოდა და შედიოდა შეცდომაში.

2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველო ჩაერთო ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში.

მანამდე იყო 2003 წელი, როდესაც ევროპის კავშირმა დანიშნა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი (EU Special Representative for the South Caucasus).

ჯერ კიდევ 1997 წელს ევროპის კავშირს რეგიონთან ჰქონდა ერთნაირი მიდგომა. თანდათან გამოიკვეთა განსხვავებული მიდგომები, იმიტომ რომ იყვნენ ქვეყნები, რომლებიც დაწინაურდნენ და გამოხატეს სურვილი, მიახლოებოდნენ ევროპის კავშირს და გამხდარიყვნენ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები. იმ დროს ეს იყო საქართველო და სომხეთი. ეს ქვეყნები აზერბაიჯანთან ერთად იღებდნენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

საქართველო – ევროპის კავშირის ურთიერთობები კი 1995 წლიდან იწყება. მაშინ, როდესაც საქართველო სარგებლობს ევროპის კავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP).

ევროპის კავშირისკენ სავალი გზიდან დღეს საქართველომ გადაუხვია, ამაზე ბოლო დროს საქართველოს მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებიც მოწმობს. ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა გადაიხედოს საქართველოს, აშშ–ის და ევროპის ქვეყნების ურთიერთობები. საქართველოს პარტნიორები ერთხმად მიიჩნევენ, რომ კანონით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპები საქართველოში არ არის დაცული.

2024 წლის 7 ივნისს საერთაშორისო კონფერენციაზე "Riga StratCom Dialogue 2024" ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა კრიტიკა გამოხატა ევროპის კავშირის პოლიტიკის მიმართ. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით, რათა სიტუაცია არ გაუარესდეს."თუ ჩვენ არ გავაგზავნით ძალიან მკაფიო, მკაცრს, არამედ მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას, მაშინ სიტუაცია გაუარესდება", - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი 2024 წლის 7 ივნისს,  სახდეპის მიერ სანქციების პირველი პაკეტის გამოცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, "მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, დააწესოს სავიზო შეზღუდვები იმ პირებისთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიის შელახვასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზეა პასუხისმგებელი“.

2024 წლის 19 ივნისს, ევროპის კავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველო ევროპის კავშირის ურთიერთობები ამ მოცემულობაში, რთულ ფაზაში და რთულ პერიოდშია. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, იმ ფონზე, როდესაც მოლდოვამ და უკრაინამ უკვე ევროპის კავშირთან მოლაპარაკებები გახსნეს.

„უეჭველია, რომ საქართველოს წინსვლა სერიოზულად არის შეფერხებული, რადგან ამ კანონის მიღებამ შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია მოითხოვს ერთსულოვნებას და ჩვენ უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ქვეყნის ლიდერის განცხადება, რომ ისინი შეეწინააღმდეგებიან საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, თუ ეს კანონი მიიღებოდა. კანონი მიღებულ იქნა და შედეგები განიხილება მომავალ კვირას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა და ევროკავშირის სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი. ჩვენ მოვამზადეთ გეგმა, რომელიც უკვე ვაჩვენეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ახლა ქვეყნები გადაწყვეტენ, რომელი ზომები უნდა იქნეს გამოყენებული ამ გეგმიდან. გადაწყვეტილება მიიღებს საგარეო მინისტრების შეხვედრაზე ორშაბათს, ლუქსემბურგში, შემდეგ კი 27 ივნისს ევროპული საბჭოს დონეზე“. - თქვა ევროპის კავშირის ელჩმა.

მართლაც, ევროპის კავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ  ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს და ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია, აღნიშნული გადაწყვეტილება. ევროპის კავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს.

„ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) - 30 მილიონი ევროს  ოდენობით 2024 წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.

დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო“. - ვკითხულობთ ევროპის კავშირის ელჩის განცხადებაში.

გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერიმ კი გუშინ, 10 ივლისს გამოაქვეყნა წერილი სადაც ეწერა: ”მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დროისთვის საქართველოს მიმართ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები და ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური თანხმობები ამჟამად არ არის. ბუნდესვერმა ასევე გააუქმა მონაწილეობა წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი". ჩვენ ასევე გავაუქმეთ ყველაზე დიდი ფორუმი სამართლის დარგში, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო. განვიხილავთ ასევე შემდგომ ზომებს“.

ეს კანონი არის საძირკველი, რომელზეც შეიძლება ანტიევროპული განწყობა დაშენდეს.

ზოგადად ასეა, ოლიგარქიული მმართველობა იგონებს შინ და გარეთ მომძლავრებულ მტრებს, აგენტებს, უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლებს, ომის პარტიებს, მასონებს, ლგბტ შეთქმულებებს. მისი მიზანია,  ხალხი დააჯეროს იმაში, რომ სახელმწიფოს ძირს უთხრის არა ოლიგარქიული მმართველობა, არამედ გამოგონილი მტრები და ამ მტრების აგენტურები...

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები დაჟინებით იმეორებენ – „2030 წელს საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება“ – კანონით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ხდება საქართველო–ევროპის კავშირის ურთიერთობების ხელის შეშლა. პერსპექტივას, რომელსაც სათავე ჯერ კიდევ 30 წლის წინ ჩაეყარა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ვკარგავთ და რუსეთის მეზობლად ვის იმედად ვრჩებით - არ ვიცით.

 

ავტორი: ანა გულბათაშვილი

„საქართველოს უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული

საბაკალავრო ნაშრომი