თბილისი (GBC) - ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში 8 ოქტომბერს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ და შეშფოთება გამოხატეს საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების გამო. მათი თქმით, "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ქმედებები შემაშფოთებელია". სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები მიუთითებენ, რომ „კობახიძის გადაწყვეტილება, უკანონოდ გამოაცხადოს ოპოზიციური პარტიები და დააპატიმროს მათი ლიდერები, აღმაშფოთებელი და არადემოკრატიულია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნებას“ აბსოლუტურად არ აინტერესებს პოლიტიკური დიალოგის ნორმალიზება“.
„პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების მიმართ მუქარა, განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, ვისაც აშშ-ის მთავრობასთან და ჩვენს კომიტეტში უმუშავია, და გამოსაკითხად დაიბარეს, არის განსხვავებული აზრის გაჩუმების მცდელობა ქვეყანაში, რომელსაც ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმის საამაყო ისტორია აქვს.
ასევე მიუღებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიზანში ამოიღო აშშ-ის მთავრობის ყოფილი თანამშრომლები უსაფუძვლო ბრალდებებით, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ხელისუფლებას.
ნება მოგვეცით, ვიყოთ მკაფიოები: სწორედ საქართველო და არა აშშ უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას და შესაძლებლობას, განსაზღვროს საკუთარ მომავალი.
ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, დაებარებინა საქართველოს ელჩი ამ შემაშფოთებელ მოვლენებზე საპასუხოდ. დაჟინებით მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე ცვლილების შეტანამდე.
ჩვენ ვუცხადებთ ჩვენს ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას ქართველ ხალხს“, – წერია ჯინ შაჰინის და ჯიმ რიშის განცხადებაში.
საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-მ 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა.
8 ოქტომბრის, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სურთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვა.