თბილისი (GBC) – სოჭის პორტი საქართველოს, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით მგზავრების გადაყვანის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ კრემლთან დაახლოებულ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს სოჭის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმიროვმა უთხრა.

„იმედი გვაქვს, დავიწყებთ მგზავრების გადაყვანას საქართველოში და აფხაზეთში (რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონი. რედ.). ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, ეს მარშრუტი ამ ზაფხულისთვის გავხსნათ“, – თქვა ვლადიმიროვმა.

მან ისიც დააზუსტა, რომ სოჭიდან მგზავრების გადაყვანა ბათუმის მიმართულებით იგეგმება.

„საზღვაო გზებით ახალი მარშრუტების გახსნაზე დიდი მოთხოვნაა. შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით ჩვენი ტურისტების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას“, – დასძენს პორტის პირველი პირი.

მანამდე, ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება. ამ ინიციატივას საქართველოში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მოჰყვა.