თბილისი (GBC) – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას წარუდგენს, ხოლო სუს-ის უკვე გადამდგარი ხელმძღვანელი გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

მის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, თამაზ ბორაშვილი სამართალდამცავ სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს. მისი თქმით, ბორაშვილმა კარიერა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო და კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა საფეხური გაიარა.

2017-2022 წლებში ბორაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს იკავებდა. 2022 წელს ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბრუნდა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის დირექტორის პოზიციებზე მუშაობდა. მიმდინარე წელს კი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე თამაზ ბორაშვილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ელოდება, რომ პარლამენტი ბორაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება გეკა გელაძეს, კობახიძის განცხადებით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

პრემიერმა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულთან, მათ შორის ორგანიზებულ, ნარკოტიკულ და კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.

„ბატონი გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს“, - განაცხადა კობახიძემ.