თბილისი (GBC) - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ ტრამპს უთხრა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მიაწოდა ინფორმაცია და დარწმუნებულია, ის ამას იკვლევს. მანვე დასძინა, რომ შთაგონება არის ქართველი ხალხი, რომელიც "მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს".
„ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები მტკიცედ იდგებიან ქართველი ხალხის გვერდით. მე თვითონ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვავრცელებ ინფორმაციას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ. ისევ და ისევ, ჩვენ გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ნამდვილად არსებობს მსგავსება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს ოჯახი თავად გამოიქცა კომუნისტური ქვეყნიდან.
მას კარგი აღქმა აქვს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მასზე უკეთესი სახელმწიფო მდივანი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წასახალისებლად ვერ გვეყოლებოდა. იმავეს ვიტყვი დონალდ ტრამპზე, რომელიც ის ადამიანია, ვისაც მთელ მსოფლიოში სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ატარებდნენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ჯო უილსონმა, რომელსაც „ამერიკის ხმა“ ციტირებს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე ჩავიდა. ზურაბიშვილის ვიზიტის სტატუსია „სამუშაო“.
მეხუთე პრეზიდენტი აშშ-ის დედაქალაქში დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.