თბილისი (GBC) - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი წარმომადგენელი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„2 დეკემბერს საპროტესტო აქციების შედეგად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს. აქედან, აქციის 23 მონაწილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი წარმომადგენელია. დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, სამედიცინო დახმარება გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. მათ შორის, აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროებოდათ. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
„ოცნება" ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის, პრეზიდენტის, საერთაშორისო პარტნიორების მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.