თბილისი (GBC) - გორში ფილმის ,,ახალგაზრდა სტალინი”გადაღება მიმდინარეობს, რომელშიც ნაჩვენები იქნება „სისხლიანი დიქტატორის“ ჩამოყალიბების ისტორია. მთავარ როლს ბრიტანელი მსახიობი კოსმო ჯარვისი შეასრულებს, რამაც გორელი მოსახლეობის ნაწილის დიდი აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია.

,,გორს რომ პატრონი ჰყავდეს, ეს მსახიობთა ჯგუფი ისე უნდა გარეკონ აქედან, რომ გასაქცევ გზასაც ვერ პოულობდნენ”, - ასე გამოთქვამს უკმაყოფილებას გორელი მოსახლეობის ნაწილი ფილმზე, რომლის გადაღება 2007 წელს დაწერილი მსოფლიო ბესტსელერის მიხედვით მიმდინარეობს, მისი ავტორი ცნობილი ბრიტანელი მწერალი და ისტორიკოსი საიმონ სებაგ მონტეფიორეა.

ავტორი თბილისშიც იმყოფებოდა, სადაც რეჟისორ გელა ბაბლუანთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის, რომელსაც პროდიუსერი ლენა ბლავატნიკი კომპანია Access Entertainment–დან დააფინანსებს. ფილმს ასევე აფინანსებენ AI Film და Monte Rosso Prods-იც.

წიგნი საბჭოთა დიქტატორის ცხოვრების ადრეულ პერიოდზე გვიყვება, თუ როგორ იქცა სემინარიელი ბიჭი სასტიკ მმართველად, რომელმაც მე-20 საუკუნე ტერორის, ომისა და პროპაგანდით შეცვალა.

ბაბლუანმა აღნიშნა, რომ მას ყოველთვის იზიდავს იდუმალებით სავსე ისტორიები და სტალინის შემთხვევაში საუბარია ყველაზე დიდ იდუმალებაზე. იგი დარწმუნებულია, რომ ჯარვისი შეძლებს ახალგაზრდა სტალინის მთელი იმ წინააღმდეგობების და საშიში ხასიათის გადმოცემას.

ფილმის აღმასრულებელმა პროდიუსერმა დენი კოენმა აღნიშნა: „სტალინის ახალგაზრდობის პერიოდი, როგორც ბანკების მძარცველის, უჩვეულო და ნაკლებად ცნობილი ისტორიაა, როდესაც იგი რევოლუციური იდეებით იყო შეპყრობილი, რასაც ძალადობა, ღალატი და ძალაუფლების წყურვილი ახლდა თან“.

ამ მოსაზრებებისგან სრულიად საწინააღმდეგო აზრი აქვთ გორელი მოსახლეობის უმეტესობას. ისინი ამ ფაქტებს უარყოფენ, რადგან მათთვის სტალინის დიქტატორად მოხსენიება ძალზედ შეურაცმყოფელია. ეს ადამიანები თავის უკმაყოფილებას ფეისბუკის პოსტების კომენტარებში გამოთქვამენ: ,,ბანკებს რომ ძარცვავდა ჯიბეში კი არ იდებდა და დაჩებს არ აშენებდა ატენის ხეობაში ის ფული რევოლუციას ხმარდებოდა რევოლუციას რომელმაც გლეხს მიწა მისცა განათლება მუშბს ქარხნები და ფაბრიკები უფასო განათლება მედიცინა უფასოთ ბინები და ასე შემდეგ და კიდევ ათასი რამ რაზეც ლიბერასტ-ლიბერალები ხმას არ იღებენ!!! ქალბატონო სიტყვაზე თქვენ რომ ბანკი გაგეძარცვად რას ან ვის მოახმარებდით იმ ფულს საინტერესოა!??”. სტალინის ერთგული მხარდამჭერები ამბობენ, რომ ბრიტანელი ,,კაპიტალისტები” ,,მშრომელ, უბრალო ხალხის ბელადის” კარგ მხარეს არ წარმოაჩენენ, თანაც მათთვის ასევე შეურაცხმყოფელია ,,დიდი სტალინის” როლზე ,,ინგლისელი-სომეხი” (ასე მოიხსენიებენ) კოსმო ჯარვისის დამტკიცება, როდესაც საქართველოში ამდენი კარგი მსახიობია

,,ბრიტანელი რომ არ მოეწვიათ სტალინის როლზე ჩვენთან დაილია მსახიობები? ქართველის მსგავსად ქართველის როლს ვინ შეასრულებს გინდა დიქტატორი იყვეს და გინდა ანგელოზი”.

,,მსოფლიო პიროვნება გვყავდა ქართველებს, და გაანადგურეთ ბოლომდე. ეს რა ერი ვართ. ვინ არიან ბრიტანელები, და რატომ აძლევთ უფლებას ისტორია გადაწერონ. თავისი პრემიერის: უ. ჩერჩილის სიტყვები მაინც გაიხსენონ სტალინის შესახებ”.

,,სტალინის ჩიბუხიდან დაბერტყილი თამბაქოს ფერფლის ფასი არ არიან დღევანდელი ვითომ პატრიოტი პოლიტიკოსები ეგენი მდიდრდებიან ტვინგამორეცხილი ხალხის ხარჯზე”.

იოსებ ჯუღაშვილი დაიბადა 1879 წლის 21 დეკემბერს, ქალაქ გორში. მისი მშობლები იყვნენ ეკატერინე გელაძე და ბესარიონ ჯუღაშვილი. 1888-94 წლებში სტალინი სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში. 1922 წლიდან იყო ბოლშევიკების ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი. 1941 წლიდან საბჭოთა მთავრობას მეთაურობდა. 1953 წლის 5 მარტს კი ინსულტით  გარდაიცვალა. 9 მარტს მისი ნეშტი ლენინის გვერდით მავზოლეუმში დაასვენეს. 1961 წლის 31 ოქტომბერს სტალინის ცხედარი მავზოლეუმიდან გაიტანეს კრემლის კედელთან დაკრძალეს.

სტალინს პირადად აქვს ხელი მოწერილი სიკვდილით დასჯის სიებზე, რომლებშიც შედიოდა დაახლოებით 40–45 ათასი ადამიანი (ე.წ. „სასიკვდილო სიები“, 1937–1938 წლები, დიდი ტერორის პიკი).

თუ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ხელმოწერებზე, არამედ მთლიანად მის პოლიტიკაზე (რეპრესიები, გულაგი, იძულებითი კოლექტივიზაცია, შიმშილობები, დეპორტაციები), ისტორიკოსების ფართოდ მიღებული შეფასებები ასეთია: დაახლოებით 10–15 მილიონი ადამიანი (ზუსტი რიცხვი დადგენილი არ არის).

ავტორი: თამარ საბაშვილი

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პირველკურსელი.