თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ საქართველოში სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია. "პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ცალკეულ პროდუქტებზე კი დღგ-ს გამორიცხვით ორჯერ და უფრო მეტად იზრდება".

ამასთან, მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს უჭირთ ქსელურ სავაჭრო მარკეტებში შესვლა, რასაც  ის სახელშეკრულებო პირობები განაპირობებს, რომელსაც ქსელური მარკეტები მათ უწესებენ.

ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, შესადარის პროდუქტებზე ღირებულება საქართველოში 20%-დან 180%-მდე უფრო მაღალია ევროპულ ქსელურ მარკეტებთან შედარებით.

„აღნიშნული გამოწვევა არახალია და მხოლოდ საქართველოში არ ფიქსირდება, მსგავსი ტიპის გამოწვევები არსებობდა მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც და მას სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვა ადეკვატური მექანიზმებით უპასუხეს. ჩვენი მიზანია, რომ ეს საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში პროდუქტზე მაღალ ფასნამატსა და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთის შესახებ 24 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

კობახიძის ინფორმაციით, კვლევა (კვლევა საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, არც ის თქმულა, ვინ ჩაატარა – რედ.) აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე გაცილებით უფრო მაღალია, კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია.

24 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ინფლაცია 4.8%-ია.

ISET-ის კვლევითი ორგანიზაციის 2023 წლის კვლევაში განხილულია, რომ - სახელმწიფოს მხრიდან ფასების კონტროლს რამდენიმე უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. მათ შორის:

  • ეს ხშირად იწვევს საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს, - რადგან ფასი ხელოვნურად ეცემა საბაზრო წონასწორობის წერტილს ქვემოთ, რაც, თავის მხრივ, ქმნის ჭარბ მოთხოვნას.
  • გარდა ამისა, ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის შემცირება, რადგან მწარმოებლებმა შესაძლოა დაიწყონ ხარჯების შემცირების გზების ძიება.
  • გამყიდველებს შეუძლიათ ფასის გაზრდის ნაცვლად კანონს თავი აარიდონ ხარისხის შემცირებით.
  • მომხმარებლებს შესაძლოა, აგრეთვე, მოუწიოთ საქონლისა და მომსახურების ძიებასთან დაკავშირებული ისეთი ხარჯების გაწევა, როგორიც გრძელი რიგები ან დახარჯული დროა, ისეთი პროდუქტის შესაძენად, რომელზეც დიდი მოთხოვნაა, მიწოდება კი მცირეა.
  • როგორც წესი, როდესაც დაწესებულზე უფრო მაღალი ფასის გადახდა უკანონოა, მყიდველები პოულობენ გზას, რომ ქრთამის სახით გადაიხადონ მეტი, რაც, საბოლოოდ, ზრდის კორუფციის დონეს.