თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 289.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 600.2 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 13.8 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 24.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. დიაგრამა №1 ასახავს 2022-2023 წლების მეორე კვარტალებში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორებისა და მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურ რაოდენობებს.

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 670.6 ათასით განისაზღვრა, რაც 18.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. დიაგრამა №2 ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

2023 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 36.6 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.4 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 35.0 პროცენტი ქ. თბილისის მცხოვრებია, 16.5 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.3 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. დიაგრამა №5 ასახავს 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილებას საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით.