თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის, შესაბამისად, 41.3% და 13%.

გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

  • 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები.
  • 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა.
  • 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2024 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები.