თბილისი (GBC) - კანადის მიერ ამერიკულ ღვინოზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, კანადურ ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტი მკვეთრად - 28.2%-ით გაიზარდა. სანამ აშშ-დან მიწოდება კოლოსალურად მცირდებოდა, საქართველომ კანადურ ბაზარზე პოზიციები გაიმყარა და რეიტინგში მე-19 ადგილი დაიკავა.

ამერიკის ღვინის ეკონომიკის ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს საქართველოდან კანადაში იმპორტირებული ღვინის ღირებულება $1.23 მლნ-დან $1.58 მლნ-მდე გაიზარდა (+$0.35 მლნ).

ბაზარზე მომხდარი ცვლილებები კანადის მიერ ამერიკულ პროდუქციაზე დაწესებულ ბლოკადას უკავშირდება. 2024-2025 წლებში აშშ-დან ღვინის იმპორტი $431.02 მლნ-დან $99.94 მლნ-მდე დაეცა, რაც დრამატული, 76.8%-იანი კლებაა (-$331.08 მლნ).

ამერიკული პროდუქციის ჩანაცვლებით ყველაზე მეტად ევროპულმა გიგანტებმა იხეირეს:

  • საფრანგეთი: იმპორტი 12.7%-ით გაიზარდა და $601.13 მლნ  შეადგინა (+$67.90 მლნ).
  • იტალია: ზრდამ 6.6% შეადგინა და მოცულობა $509.83 მლნ-მდე გაიზარდა (+$31.48 მლნ).
  • ესპანეთი: იმპორტი 10.2%-ით გაიზარდა ($148.18 მლნ).

მნიშვნელოვანი მატება დააფიქსირეს ავსტრალიამ (+18.4%), ახალმა ზელანდიამ (+16.6%) და ჩილემ (+24.1%).

მიუხედავად ცალკეული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ექსპორტის მატებისა, ამერიკული ღვინის დეფიციტის სრულად შევსება ვერ მოხერხდა. კანადის ღვინის მთლიანი გლობალური იმპორტი 7%-ით შემცირდა და $1.93 მლრდ შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის დანაკლისის თითქმის ნახევარი ბაზარზე უბრალოდ არ ჩანაცვლებულა.