თბილისი (GBC) – უნგრული ლოუკოსტერი  Wizz Air მსოფლიოში ყველაზე არაპუნქტუალურ ავიაკომპანიად ზედიზედ მეორედ აღიარეს.  ამის შესახებ გამოცემა The Independent ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

2023 წლის განმავლობაში ავიაკომპანიის რეისების დაყოვნებამ დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში საშუალოდ 31:36 წთ შეადგინა.

ანალიზში გათვალისწინებული იყო დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში შესრულებული ყველა რეგულარული და ჩარტერული რეისი – სულ 2 500 რეისზე მეტი. გაუქმებული რეისები გათვალისწინებული არ არის. ყველა ამ რეისის საშუალო დაყოვნება 20:42 წთ–ს შეადგენს, რაც გაუმჯობესებულია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით – 23 წთ.

ევროპის ბაზარზე Wizz Air–ის მთავარი კონკურენტი ირლანდიური Ryanair ბევრად უფრო პუნქტუალური აღმოჩნდა და ყველაზე არაპუნქტუალურთა შორის 19:54 წუთით მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა.

2023–ის ათი ყველაზე არაპუნქტუალური ავიაკომპანია მსოფლიოში:

1. Wizz Air, უნგრეთი (რეისების საშუალო დაგვიანების მაჩვენებელი 31:36 წთ)

2. Turkish Airlines, თურქეთი (28:36 წთ)

3. Tui, დიდი ბრიტანეთი (28:24 წთ)

4. Air India, ინდოეთი (28:12 წთ)

5. Pegasus Airlines, თურქეთი (25:6 წთ)

6. Air Portugal, პორტუგალია (23:48 წთ)

7. Vueling Airlines, ესპანეთი (23:6 წთ)

8. Swiss Airlines, შვეიცარია (22:48 წთ)

9. Air Canada, კანადა (22:6 წთ)

10. British Airways, დიდი ბრიტანეთი (21:36 წთ).