თბილისი (GBC) – ევროკომისია ხელოვნური ინტელექტის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის იდეას განიხილავს. ამის შესახებ Euronews იუწყება.

როგორც ცნობილია, სპეციალური წარმომადგენელი შესაძლოა ევროკავშირის ინტერესების საერთაშორისო დონეზე წარმოჩენასა და ინდუსტრიული პოლიტიკის ფორმირებაზე იყოს პასუხისმგებელი, თუმცა მისი რეალური უფლებამოსილებები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

ამ ინიციატივაზე გასულ კვირას ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული ინდუსტრიული მრგვალი მაგიდის ფარგლებში მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

„გიგაფაბრიკები“ და კონკურენცია აშშ-თან

ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ ახალ წარმომადგენელს მხოლოდ საგარეო ფუნქცია, მაგალითად, სილიკონის ველთან ურთიერთობა არ ექნება. მისგან ასევე ელიან, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ევროკავშირის ინდუსტრიულ პოლიტიკას ახალი იმპულსი მიეცემა.

საუბარია ე.წ. AI „გიგაფაბრიკების“ შექმნაზეც, მასშტაბურ ცენტრებზე, სადაც მოწინავე AI-ტექნოლოგიები უნდა განვითარდეს.

თუმცა, ინიციატივა უკვე გააკრიტიკა ევროპულმა ბიზნესმა, რომელიც პროექტების ნელ ტემპსა და არასაკმარის დაფინანსებაზე მიუთითებს.

AI-ის რეგულირების ახალი ეტაპი

აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ევროკავშირის კანონმდებლებმა ხელოვნური ინტელექტის აქტის (AI Act) რეფორმა დაასრულეს. ეს ევროკავშირის მთავარი კანონი იქნება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების რეგულირებას ეხება.

მანამდე კი რომის პაპმა ლეო XIV–მ თავის პირველ ენციკლიკაში განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიური კორპორაციების მონოპოლიური კონტროლისგან უნდა გათავისუფლდეს. მან ასევე გააკრიტიკა ომები და AI-ზე დაფუძნებული იარაღის გამოყენების საფრთხეებზე ისაუბრა.