თბილისი (GBC) – რუსეთი ყაზახეთთან ბენზინის შესაძლო მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. საუბარია დაახლოებით 50 ათასი ტონა АИ-92 მარკის ბენზინის იმპორტზე, რომელიც რუსეთში საწვავის დეფიციტის შესამსუბუქებლადაა საჭირო.
Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინული დრონების თავდასხმებისა და რიგი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების გაუთვალისწინებელი სარემონტო სამუშაოების გამო, ცენტრალურ რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისის ბოლოსთვის წლიურ ჭრილში დაახლოებით 25%-ით შემცირდება.
ამავე დროს, ყაზახეთმა ევრაზიული ეკონომიკური კომისიის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს საბაჟო გადასახადი მესამე ქვეყნებიდან საწვავის იმპორტზე, რათა საჭიროების შემთხვევაში შიდა ბაზარზე საწვავის მიწოდება გაიზარდოს. ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის ვიცე-მინისტრის ჟანელ კუშუკოვას განცხადებით, მთავარი პოტენციური მიმწოდებელი ამ შემთხვევაში ჩინეთია.
მისივე თქმით, შეღავათები შეეხება ბენზინს, დიზელს და საავიაციო საწვავს.
ფორმალურად, ასტანა აცხადებს, რომ ქვეყანა სრულად არის უზრუნველყოფილი ბენზინითა და დიზელით და ჩინური საწვავის იმპორტის გამარტივება მხოლოდ სარეზერვო მექანიზმის შექმნას ემსახურება. თუმცა გადაწყვეტილების დროის გათვალისწინებით, რეგიონში უკვე გაჩნდა კითხვა, ხომ არ შეიძლება ყაზახეთი რუსული ბაზრისთვის ჩინური ბენზინის ერთგვარ სატრანზიტო არხად იქცეს.
განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩინეთის ნავთობგადასამუშავებელი ინდუსტრია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაეყრდნო რუსული წარმოშობის იაფ ნავთობს. დასავლური სანქციების შემდეგ მოსკოვი ჩინეთს ნავთობს მსოფლიო ფასებთან შედარებით მნიშვნელოვანი ფასდაკლებით აწვდის, რის შედეგადაც ჩინურმა ქარხნებმა კონკურენტუნარიანი საწვავის წარმოების შესაძლებლობა მიიღეს.
თუ რუსეთში საწვავის დეფიციტი გაღრმავდება, ხოლო ყაზახეთში ჩინური საწვავის იმპორტი გაიზრდება, არ არის გამორიცხული, რომ რეგიონში საწვავის ახალი ლოგისტიკური სქემა ჩამოყალიბდეს, რომლის ფარგლებშიც რუსეთში ნაწილობრივ ჩინური ბენზინი მოხვდება, მათ შორის ყაზახეთის გავლით.
ამ ეტაპზე არც მოსკოვს და არც ასტანას მსგავსი სქემის არსებობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. თუმცა ენერგეტიკული ბაზრის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტისა და ჩინური საწვავის იმპორტის ლიბერალიზაციის ერთდროულად განვითარება მნიშვნელოვან გეოეკონომიკურ კითხვებს აჩენს ევრაზიული ენერგეტიკული ბაზრის მომავალი კონფიგურაციის შესახებ.