თბილისი (GBC) – ყაზახეთი რუსეთს ჩინეთის გაზის ბაზრისთვის ბრძოლაში იწვევს, წერს ყაზახური გამოცემა ORDA. ასტანას ჩინეთში ბუნებრივი გაზის ექსპორტის გაზრდა სურს, რათა ბაზარზე პოზიციები შეინარჩუნოს და კონკურენცია გაუწიოს რუსეთსა და თურქმენეთს. 

გამოცემის ინფორმაციით, QazaqGaz დამატებითი გაზსადენის გაყვანასაც გეგმავს, მიწოდების მოცულობის გასაზრდელად. გაზის მიწოდების გაზრდაზე ასტანა და პეკინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩინეთის გაზის ბაზრისთვის ბრძოლაში უახლოეს მომავალში ყაზახეთი, რუსეთი და თურქმენეთი ჩაერთვებიან. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ჩინეთში საკუთარი გაზის გატანა, რადგან ევროპის ბაზარზე წვდომა შეეზღუდა.

ამ შემთხვევაში ასტანა საკვანძო ალტერნატიული მიმწოდებელი ხდება. QazaqGaz–ის მმართველმა სანჟარ ჟარკეშოვმა განაცხადა, რომ ჩინეთში გაზზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. ამ ფონზე ნაციონალურ კომპანიას იმედი აქვს, რომ ჩინეთთან გაზის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდაზე შეთანხმებას მიაღწევს. ჩინეთის გარდა, QazaqGaz სხვა ქვეყნებშიც აპირებს მიწოდების გაზრდას, მათ შორის უზბეკეთში.

ყაზახეთი გაზის მოპოვების გაზრდას გეგმავს, რათა საკუთარი მოხმარების ბაზარიც დააკმაყოფილოს და ექსპორტიდანაც მეტი შემოსავალი მიიღოს. Bloomberg–ის შეფასებით, დღეისთვის ქვეყანა ჩინეთს წლიურად დაახლოებით 4 მლრდ კბ/მ გაზს აწვდის, ლიდა მოხმარება კი 21 მლრდ კუბური მეტრია.