თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ მან ვლადიმირ პუტინს მიმდინარე კვირას საფრანგეთში, G7-ის სამიტზე შეხვედრა შესთავაზა ოთხწლიანი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, თუმცა რუსეთის ლიდერი საუბრისთვის მზად არ აღმოჩნდა. ამის შესახებ Reuters წერს

ზელენსკიმ, რომელიც კიევში, რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანებულ ისტორიულ მონასტერში იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დათანხმდა პუტინის მიწვევას სამიტზე, რომელიც მოგვიანებით, ორშაბათს ევაინ-ლე-ბენში (Evian-les-Bains) იწყება.

„ჩვენ გავაგზავნეთ გზავნილი, რომ მზად ვართ პუტინთან შესახვედრად G7-ის ფარგლებში, რადგან იქ ტრამპიც იქნება და მაკრონიც - ანუ ევროპელები პლუს ამერიკა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველამ ერთად მოსალაპარაკებლად“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს ინგლისურ ენაზე. „ევროპა და შეერთებული შტატები თანახმანი იყვნენ, მაგრამ რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ... ისინი არ არიან მზად საუბრისთვის“, - დასძინა მან.

უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ზელენსკიმ G7-ზე მოლაპარაკებების გამართვის წინადადების შესახებ ამერიკელებსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აცნობა. უკრაინამ მიწვევა პირდაპირ რუსულ მხარესაც გადასცა, თუმცა მკაფიო პასუხი არ მიუღია. მაკრონის ადმინისტრაციას კომენტარის მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ არ უპასუხია.

ამ თვეში პუტინისადმი მიწერილ ღია წერილში ზელენსკიმ მას პირისპირ შეხვედრა შესთავაზა და მიანიშნა, რომ ომი ზრდიდა ზეწოლას რუსეთის ეკონომიკაზე. საპასუხოდ პუტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეხვედრის მიზეზს ვერ ხედავს, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი დრონების თავდასხმები კი არანაირ ეკონომიკურ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ორშაბათს, კიევსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ხარკოვზე რუსეთის მიერ განხორციელებული ღამის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ზელენსკიმ რუსეთის ლიდერი „ცინიკურ“ ქცევაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ მან ეს მასშტაბური თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრიდან სულ რამდენიმე საათში განახორციელა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, G7-ის შეხვედრაზე მისი პრიორიტეტი რუსული დარტყმებისგან თავდასაცავად მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის მოპოვება იქნება. „ჩვენ გვექნება შეხვედრა ევროპელებთან და ასევე პრეზიდენტ ტრამპთან; ჩვენ მასთან ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვაიძულოთ პუტინი, შეაჩეროს ეს ომი“, - განაცხადა მან.