თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას X-ზე გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება.
მთავრობის მეთაური მიესალმება ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებულ პროგრესს და განსაკუთრებულ ყურადღებას იმ საერთაშორისო მედიაციის ძალისხმევაზე ამახვილებს, რომელმაც მხარეებს შორის ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობები შექმნა.
„მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას. ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისა და ზავის შესახებ განცხადება გუშინ ღამით გავრცელდა, რასაც დღეს დილიდან უკვე გამოეხმაურნენ ევროკავშირისა და G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერები.