თბილისი (GBC) – საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, აღნიშნულ ვიზიტს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ისტორიული ვიზიტი, რადგან სერბეთის პრეზიდენტი პირველად სტუმრობს საქართველოს.
„სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტს ექნება უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით, რადგან ვიზიტის ფარგლებში ასევე იქნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ლიდერების. ვიზიტის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იკვეთება იმ პროცესში, როდესაც საქართველოს აქვს მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სერბეთთან, რომელიც გულისხმობს, ქვეყნებს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.
საქართველომ სერბეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარა.