თბილისი (GBC) - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის თანახმად, 2Q25-ში ასოციაციის წევრი ბიზნესების მიმდინარე  მდგომარეობა q.q გაუმჯობესებულია, +4.7 ქულით, 18.6 ქულამდე, თუმცა ბიზნესის მოლოდინი ამავე პერიოდში 45.7 ქულით შეფასდა, -5.8 ქულა q.q. 

ამავე დროს, შკალაზე მოლოდინების გაუარესების მიუხედავად, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2Q25-ში გამოკითხულმა კომპანიებმა “თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს”.

საანგარიშო პერიოდში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 31.7 ქულა შეადგინა, -0.2 ქულა q.q.

წლიურად, BAG ბიზნეს კლიმატის შედეგები 6.2 ქულით გაუმჯობესდა. კერძოდ, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 10.3 ქულით გაუარესდა, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის შეფასება 23.5 ქულით გაუმჯობესდა.

„წინა კვარტალთან შედარებით მცირედი გაუარესების მიუხედავად, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ბუმის ფაზაში იმყოფება“, - აღნიშნულია კვლევაში.

გამოკითხვა 2025 წლის 13 - 29 მაისის პერიოდში ჩატარდა.

ცნობისთვის, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე.

BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წარმოადგენს ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობისა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის საბალანსო მნიშვნელობების ტრანსფორმირებულ საშუალოს. BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი შესაძლოა იყოს -100-სა და +100-ს შორის. +100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობას და მოლოდინს აფასებს დადებითად, ხოლო -100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობას და მოლოდინს აფასებს უარყოფითად.