თბილისი (GBC) – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ნატურალური წვენის წარმოების სექტორში,  შპს „კამპას" უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, საქმის განხილვისას, შესწავლილი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა, რომ მოვაჭრე თავისი ერთ-ერთი პროდუქტის („ალუბლისა და ბროწეულის წვენი 100%") ძირითადი ინგრედიენტების  შესახებ ინფორმაციას მომხმარებლებს შეცდომაში შემყვანი ფორმით აწვდის. კერძოდ, კონკრეტული წვენის შეფუთვის ძირითადი ვიზუალური ნაწილის მიხედვით, მის ძირითად შემადგენლობას  ალუბლისა და ბროწეულის აღდგენილი კონცენტრირებული წვენი წარმოადგენს, ხოლო იმავე შეფუთვის უკანა მხარეს -  წვრილი ასოებით მითითებულია, რომ წვენში 80%-ის მოცულობით არის ვაშლის კონცენტრირებული წვენი, ხოლო ალუბლისა და ბროწეულის წვენები მხოლოდ 10-10%.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი ადგენს ინფორმირებული მომხმარებლის მაღალ სტანდარტს, ვინაიდან მომხმარებელმა სწორედ მოვაჭრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მიიღოს გააზრებული და მისი ნების შესაბამისი გადაწყვეტილება.

სააგენტოს პოზიციით, აღნიშნული საქმის შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ხარისხი განსაკუთრებული ინტენსივობით ხასიათდება. შპს „კამპას" მიერ წვენის შეფუთვის ფორმაში იკვეთება მომხმარებლისთვის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდება,  რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებლის უფლებების შესახებ კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ეფექტის მაქსიმალური გამორიცხვით, შეცვალოს კონკრეტული წვენის ეტიკეტირება და მომხმარებელს პროდუქციის შესახებ - საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს უტყუარი, სრული ინფორმაცია.