თბილისი (GBC) - 1Q25-ში ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.8%-ით გაიზარდა. 

APM Terminals Poti-ს მონაცემებით, 1Q25-ში 146,468 TEU კონტეინერი დამუშავდა, 1Q24-ში კი - 126,512.

ამავდროულად, გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. კომპანიამ წლის დასაწყისიდან დღემდე 81 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 74.

გაზრდილია ნაყარი ტვირთის მიღებაც - თუ კომპანიის მიერ წელს 82,369 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა მხოლოდ 37,281 ტონა იყო.

ბოლო 4 წლის მანძილზე (2022-2025), პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა.

“შუა დერეფნის განვითარება და ტვირთის ზრდა პრიორიტეტად რჩება, თუმცა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა. საჭიროა, ინფრასტრუქტურა განვითარდეს და ამაში შუა დერეფნით დაინტერესებული ყველა უწყება უნდა იყოს ჩართული, როგორც კერძო ისე საჯარო.

ყველა უწყების თანაბარი ჩართულობა და აქტიურობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ტვირთების ნაკადს მომზადებულები შევხვდეთ როგორც პორტი ისე რკინიგზა”, - განუცხადეს GBC-ს APM Terminals Poti-ში.