თბილისი (GBC) –  “კრისტალმა” მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტების და სერვისების შეთავაზება დაიწყო. სიახლე მნიშვნელოვან ცვლილებებსა და შესაძლებლობებს მოუტანს როგორც თავად კომპანიას, ისე მომხმარებლებსა და მთლიანად ქართულ საფინანსო ბაზარს.

16 ივნისიდან „კრისტალის“ საბანკო პროდუქტები და სერვისები ეტაპობრივად ამოქმედდა. დღეიდან, კომპანიის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გახსნან საბანკო ანგარიშები, ისარგებლონ გადარიცხვებით, დეპოზიტებითა და  “კრისტალის” გამორჩეული და მიმზიდველი საინვესტიციო პროდუქტებით.

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სასესხო ლიმიტის ზრდა, რაც დამატებითი შესაძლებლობა იქნება “კრისტალის” მომხმარებლებისთვის, ისარგებლონ კიდევ უფრო მრავალფეროვანი, თანამედროვე და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურებით. საგულისხმოა, რომ უკვე სექტემბრიდან ბანკი მომხმარებლებისთვის პლასტიკური ბარათების შეთავაზებასაც გეგმავს.

“16 ივნისი კრისტალისთვის ისტორიული თარიღი და ჩვენი შესაძლებლობების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლის დღეა. მოხარულები ვართ, რომ ერთგულ თუ ახალ მომხმარებლებს მეტად მრავალფეროვან, მათზე მორგებულ სერვისებს შევთავაზებთ და კიდევ უფრო გავზრდით ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “კრისტალი” ოპერირების ამ გარდამტეხ ეტაპს კარგად მომზადებული შეხვდა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ჩვენი გუნდის წვლილი, რომლის გარეშეც ამ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. აქვე, მინდა საჯარო მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ყველას, ვინც  აქტიურად გვიჭერდა მხარს ამ მნიშვნელოვან პროცესში”, - აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.

მიკრობანკის ლიცენზიის მიღებიდან ოპერირების დაწყებამდე, 4 თვის განმავლობაში კრისტალმა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა. კერძოდ, განახლდა პროცესები, სისტემები, მიდგომები, ახალი ცოდნის მიღების მიზნით,  გადამზადდა ყველა ფილიალის თანამშრომელი, განსაკუთრებული მოცულობის სამუშაო ჩატარდა რისკების მართვისა და რეგულაციებთან შესაბამისობის, ინფორმაციული უსაფრთხოების, თუ სხვა მიმართულებებით.

მომხმარებლებისთვის ახალი, საინტერესო და კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და მოქნილი პირობების შეთავაზებას, ციფრული მომსახურებების განვითარებას და გამრავალფეროვნებას კრისტალი კვლავაც გააგრძელებს და ეტაპობრივად საბანკო პროდუქტების კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს შესთავაზებს მომხმარებელს. კომპანიის მთავარ ორიენტირად კვლავაც რჩება მომხმარებლებთან სიახლოვე და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, პერსონალიზებული მომსახურება და ტექნოლოგიური განვითარება, რაც საფინანსო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის ახალ ფორმას ქმნის და  სარგებელს მოუტანს როგორც “კრისტალს”, ისე მის მომხმარებლებს.

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.