თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) ადასტურებს, რომ ჩართულია პროცესში, რომელიც HSBC Continental Europe-ის მიერ HSBC Malta-ში წილის შესაძლო გაყიდვას ეხება.

ამასთან, აღნიშნავს, რომ გარიგების წარმატებით დასრულების გარანტია არ არსებობს.

„არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ კომპანია HSBC-ის წილის შეძენასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევს“, - ნათქვამია LFG-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ჯგუფი ბაზარს საჯარო ინფორმაციას, შესაბამის დროს მიაწვდის.

HSBC Continental Europe (HBCE) ეს არის HSBC Group-ის შვილობილი კომპანია პარიზში, რომელსაც პორტფელში რამდენიმე ევროპული ქვეყანა აქვს, მათ შორის HSBC Bank Malta-ს 70%-იანი წილი. სწორედ ამ წილის გაყიდვის პროცესშია HBCE (ანუ HSBC Continental Europe), რომელიც უძღვება HSBC Bank Malta-ს აქციონერობით.

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით HSBC Bank Malta plc-ს საერთო აქტივების მოცულობა €7 მლრდ-ს აღემატებოდა. ბანკმა რეკორდული ფინანსური მაჩვენებლები აჩვენა 2024 წელს: მოგება დაბეგვრამდე €154.5 მლნ, წმინდა მოგება - € 100.1 მლნ, ROE = 17.5%.