თბილისი (GBC) – Lion Finance Group-ის (ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) ინფორმაციით, ჯგუფის სომხურმა ფინანსურმა სერვისებმა (AFS), მ.შ. AmeriaBank-მა 1Q25-ში ₾95.5 მლნ-იანი მოგება დააფიქსირა, რაც q.q. -14%-ია.
Ameriabank-ის ინდივიდუალური მოგება იმავე პერიოდში ₾113.9 მლნ იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 35.2%-ითაა გაზრდილი.
ეს განსხვავება იმ მიზეზით გამომდინარეობს, რომ Ameriabank-ის ცალკეული მაჩვენებლები არ ითვალისწინებს გარკვეულ კორექტირებებს და ჯგუფურ ხარჯებს, რასაც AFS-ის კონსოლიდირებული ანგარიშგება ითვალისწინებს.
Ameriabank-ის ინდივიდუალური შედეგების მიხედვით, ბანკის ოპერაციული შემოსავალი გაიზარდა 30.3%-ით (y.y.) და ₾248.2 მლნ შეადგინა, რაც ძირითადად სუფთა საპროცენტო შემოსავლის 37.9%-იანი ზრდით არის განპირობებული. კაპიტალზე უკუგება (ROAE) 24.7% იყო, AFS-ის 21.1% (29.4% 4Q24 / AFS – 25.3% ).
კვარტალურ ჭრილში, ოპერაციული შემოსავალი შემცირდა 8.6%-ით — ძირითადად იმიტომ, რომ წინა კვარტალში იყო ერთჯერადი, მაღალი საკომისიო შემოსავლები და სავალუტო მოგება. ამასთან, სუფთა საპროცენტო შემოსავალი კვლავ გაიზარდა 5.8%-ით.
ოპერაციული ხარჯები შემცირდა 6%-ით — ძირითადად პერსონალისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად, რაც წინა კვარტალის სეზონურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
სესხების პორტფელი დარჩა სტაბილურად — საკრედიტო რისკის მაჩვენებელი იყო მხოლოდ 0.2%.