თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 6.8%-ით ნაკლები, სულ 3 მლნ ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.4% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.6% — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58% — ტრანზიტზე. ამასთან, 2025 წლის I კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 345.8 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99%-ს შეადგენს და 25.2%-ით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 74.1% მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 25.9% კი — ქვეყნიდან გატანილზე.

2025 წლის I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51%-ის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 23.2%-ის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 25.8%).

2025 წლის I კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 12.8%-ის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 9.1%-ისას — სომხეთი, 8%-ისას — ყაზახეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 70.1%).

2025 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო:

  • 13.2% — თურქეთი,
  • 9.7% — ნიდერლანდები,
  • 5.3% — უკრაინა,
  • 3.8% — ჩინეთი,
  • 3.3% — რუმინეთი,
  • 2.5% — იტალია,
  • 0.8% — აშშ, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 3.3% ბრაზილიიდან გამოიგზავნა. 2.3% — თურქეთიდან, 2.2% — საბერძნეთიდან, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34.5% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.6% — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 17.8% — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.

2025 წლის I კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 55.3% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 27.1% ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 7.4% — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.

საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რაც შეეხება რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია:

  • კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (49.3%),
  • სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (18.5%),
  • ძირითადი ლითონები (7.1%),
  • ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (6.6%),
  • ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (5.8%),
  • სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (5.1%),
  • ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3.2%).

რკინიგზის საშუალებით ძირითადად გატანილია:

  • ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (42.1%),
  • საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (29.1%),
  • ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (11.4%),
  • ძირითადი ლითონები (6.7%).

2025 წლის I კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 79.8% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ:

  • კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (33.8%),
  • ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (27.8%),
  • ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (18.2%).

2025 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 348.8 ათასი მგზავრი, რაც 25.15-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 79.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 24.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3 ათასი მგზავრი, რაც 21.8%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 61% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 39% (2025 წლის I კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).